ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის  დუმის დადგენილებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.


ქართველმა პარლამენტარებმა დადგენილებით უპასუხეს რუს დეპუტატებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების განცხადებას სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის შედეგების ცნობასთან და რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ასოცირებულ წევრად შესვლასთან დაკავშირებით. დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადება ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა უკიდურესად არამეგობრულ პოლიტიკურ ქმედებად საქართველოს მიმართ, რომელიც მოზნად ისახავს თბილისის პროვოცირებას, ვითარების ესკალაციას და კონფლიქტების მოგვარების პროცესის ხელის შეშლას.

პარლამენტის სპიკერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსეთის სათათბიროს დადგენილებას უპრეცედენტო და სამწუხარო ფაქტი უწოდა, მწუხარება გამოთქვა, რომ სახელმწიფო სათათბიროში არ აღმოჩნდა არცერთი დეპუტატი, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამდა და საკუთარი ქვეყნის იმიჯზე იზრუნებდა.

სახელმწიფო დუმის დადგენილებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და მას არანაირი პოლიტიკური შედეგები არ მოყვება. ერთადერთი, კიდევ უფრო გამწვავდება ქართულ-რუსული ურთიერთობები - განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ.

მართლაც, მთელი მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რუსეთი კი ჯიუტად ამას ეწინააღმდეგება. რით აიხსნება კრემლის პოლიტიკა ? - ამ კითხვით პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს მივმართე :

- რუსეთის მთავარი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლების დასჯა. რაც შეეხება ცნობას ამ ორი სეპარატისტული რეგიონისა, არა მგონია, რომ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლება ამაზე წავიდეს, მაგრამ ის, რომ ნელ ცეცხლზე ყავდეს შემოდებული მთელი მსოფლიო და პირველ რიგში საქართველო - ეს ფაქტია. ანუ, პუტინის ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ მომენტში თქვას, რომ მე არ ვაწერ ჯერ, მაგრამ შეიძლება მოვაწერო, ანუ, მივცე მათ დამოუკიდებლობა. რაც შეეხება რუსეთის იზოლაციას მსოფლიოსგან. რუსეთს მაინცდამაინც ეს საკითხი განსაკუთრებით არ აღელვებს.

XS
SM
MD
LG