დღეს ნიუ იორკში კულტურის და ხელოვნების სფეროში მიმდინარე სეზონზე გესაუბრებით, მითუმეტეს კი რომ იქ შემოდგომაზე განახლებული პროგრამის ნახვისა და მოსმენის საშუალება აქვს დაინტერესებულ საზოგადოებას.
ნიუ იორკი განახლებული მხატვრული და მუსიკალური სეზონით ხვდება ყოველ ოქტომბერს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო აშკარაა ზაფხულში მეტნაკლებად შენელებული საზოგადოებრივი და კულტურული აქტივობის შემდეგ. წელს, აღსანიშნავია წარმოდგენილი კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებების სიმრავლე და ერთიანობა, როგორც სცენაზე, ისე საკონცერტო თუ სამუზეუმო დარბაზებში. თუმცა უკვე აშკარაა წლევანდელი სეზონის ორი ფავორიტი, ორივე მეოცე საუკუნის შემოქმედთა პლეადიდან: პაბლო პიკასო და ბობ დილანი.
ბროდვეიზე წელსაც გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე ბუმი ახალი წარმოდგენებითა და საინტერესო თემატიკით. იდგმება შექსპირისა და ბერნარდ შოუს პიესები. დიდ ინტერესს იწვევს თანამედროე ბრიტანელი დრამატურგის ტომ სტოპარდის ნამუშევრებიც. ლაპარაკია მისი პიესების ტრილოგიაზე, რომელიც რუსეთის ისტორიისა და ცხოვრების სამ საუკუნეს ასახავს. ნოემბერში კი გაიხსნება აუდიტორიისთვის ასე საყვარელი და სასურელი სტივენ სონდჰაიმის დადგმა “ კომპანია”.
პოპულარული ფილმის, მერი პოპინსის სასცენო ვერსია, ასევე მიმდინარე სეზონის ერთერთი ფავორიტია. შოუ, ოფიციალურად ნოემბერში იხსნება, თუმცა წარმოდგენაზე ბილეთების გაყიდვა უკვე კარგა ხანია დაიწყო. ბროდვეის თეატრების მიღმა კი იდგმება პიესები მაკიაველისა და რიჩარდ ნიქსონის სახეთა გაცოცხლებით. აქ ასევე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პიესა, რომელშიც მთავარი მოქმედი გმირია ახალგაზრდა ამერიკელი აქტივისტი რეიჩელ კორი. იგი ღაზის სექტორში ტრაგიკულად დაიღუპა 2003 წელს. ამ დადგმამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია საინფორმაციო საშუალებებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეჟისორმა პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა. პიესას ამჯერად სხვა, მცირე ზომის თეატრალური კომპანია და ახალი დასი გაიტანს სცენაზე.
სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, რაც ქორეოგრაფმა ტუაილა ტრაპმა პირველი წარმოდგენა დადგა ბროდვეიზე, იგი ახლა უკვე ბობ დილანის მუსიკის აკომპანიმენტით ხელმძღვანელობს ახალ შოუს, სახელმწოდებით the times, they are a-changin… დრო კი ისევ ბობ დილანს მიჰყვება. ლეგენდარული მუსიკოსი წლევანდელ სეზონზე ნიუ იორკში თითქმის ყველგან ჩანს: საკონცერტო სცენებზე, ფილმების და სახელგანთქმული მორგანის ბიბლიოთეკის გამოფენის გმირად. ამავე ბიბლიოთეკის საგამოფენო კურატორი, ჯეისენ ემონსი გვეუბნება, რომ 1956 წლიდან დაწყებული 1966 წლამდე, დილანის მუსიკა ნამდვილად არის მორგანის ბიბლიოთეკაში შენახული უძველესი კლასიკური ხელნაწერების ტოლფასი.
ემონსი: “მისი სიმღერების გენია მდგომარეობს იმაში, რომ მათი საშუალებით ავტორს პირადი გამოცდილება და ემოციები არაჩვეულებრივად კარგად აჰყავს ზოგადსაკაცაბრიო რანგში. სწორედ ეს მონაკვეთი უმნიშვნელოვანესია დილანის კარიერაში და ალბათ ყველაზე ნაყოფიერიც.”
პაბლო პიკასოს გავლენამ ამერიკულ სახვით ხელოვნებაზე დასაბამი მისცა ნიუ იორკის უიტნის თანამედროვე ამერიკული ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილ გამოფენას, სახელწოდებით “ პიკასო და ამერიკული ხელოვნება”. ამ გამოფენის კურატორი მაიქლ ფიცჯერალდი ამბობს, რომ ამერიკელებმა პიკასო კიდევ უფრო პოპულარული გახადეს:
“გარკვეულწილად, ეს ტენდენცია ამერიკულ სიმდიდრეს უნდა მივაწეროთ, იმ ფენომენს, რომლის მიხედვითაც ამერიკელებს საშუალება და სურვილი ჰქონდათ პიკასოს ნამუშევრებზე ფული ასეთი გზით დაეხარჯათ. აქედან ასევე ბევრს უნდა ვუმადლოდეთ უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმსაც, რომელიც 1929 წელს დაარსდა. “
აქვე, ორიოდ სიტყვით, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის შესახებ. აქ ამჯერად ნახავთ იმ მეცენატის მიერ შეკრებილი და ერთ დროს მის მიერ კუთვნილ ხელოვნების ნიმუშებს, კაცისა, რომელსაც თავის დროზე პიკასოს გენიის პოპულარიზაციაში მიუძღვის წვლილი. მეტროპოლიტენ მუზეუმი შემოდგომის ბოლომდე ასევე წარმოადგენს ახალ გამოფენას, რომელიც პარიზის ხელოვნების სკოლის გავლენას ასახავს ამერიკელ მხატვრებზე. ამის პარალელურად, ნაჩვენები იქნება ვაიმარის რესპუბლიკაში გერმანელ მხატვრებზე ფრანგული სახვითი ხელოვნების ტრადიციების გავლენაც.
და ბოლოს, სახელგანთქმული კარნეგი ჰოლი, სადაც მაყურებლის წინაშე გამოვლენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მუსიკოსები, მათ შორის ინდოელი ლეგენდა რავი შანკარი, მოგვიანებით კი როლინგ სტოუნზი.