ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზე ზრუნვა დაიწყო !


ბოლო 10-15 წელი საქართველოში შეიძლება ითქვას, ტოტალური უმუშევრობაა, მოსახლეობის უმრავლესობა ვაჭრობით დაკავდა, დანარჩენები უიმედოდ სახლებში ჩაჯდნენ. ხელისუფლებამ მათი გარეთ გამოყვანა და დასაქმება გადაწყვიტა. დღეს თბილისში რამდენიმე დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ საგარეჯოში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიზნესმენებს თხოვნით მიმართა, სტაჟირებაზე აიყვანონ მოქალაქეები, რომლებიც პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ხელფასს - 450 ლარს სტაჟიორებს სახელმწიფო გადაუხდის. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ნაწილობრივ თხოვნით, ნაწილობრივ უბრძანა ბიზნესმენებს კახელი გლეხებისგან 10-10 ტონა ყურძნის შესყიდვა. - გინდათ ეს ყურძენი თანამშრომლებს აჭამეთ, გინდათ ღვინო დაწურეთ და დალიეთ, მაგრამ 10-10 ტონა ყურძენი ყველამ უნდა იყიდოთ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რითაც უზარმაზარი სამსახური გაუწია კახელ გლეხებს, რომლებსაც ბოლო წლებში საუკეთესო ჯიშის ყურძენი ულპებოდათ, ვინაიდან მყიდველი არ ჰყავდათ.

დღეს თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, აღნიშნული პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს 100-ზე მეტ პროფესიაში მომზადებას სთავაზობს, ეს პროფესიებია _ დურგალი, მშენებელი, ზეინკალი, ბუღალტერი, ოფიციანტი და სხვა. პირველ ეტაპზე კვალიფიკაციას აიმაღლებს ან დაეუფლება 50 ათასი ადამიანი, სახელმწიფოს ხარჯზე.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში დღეს ახალი პროგრამის „ დაიწყე ბიზნესი მერიის დახმარებით“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პროგრამის თანახმად თბილისში 100 საწარმო უნდა შეიქმნას. მსურველებს, 35-50 წლამდე ასაკის თბილისელებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიაში დღეიდან 2 კვირის განმავლობაში შეეძლებათ. ბოლოს 500 ადამიანი შეირჩევა.

კომენტარისთვის თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსს ზვიად არჩვაძეს მივმართე : - ახალი პროექტის მიზანია დასაქმების და ბიზნესის ხელშეწყობა ქალაქში. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, იგი მოიცავს მსურველთა და შერჩეულთა ტრენინგებს, შემდეგ იქნება კონსულტაციები ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, მათი განხილვა. ამ პროექტების ხელშესაწყობად დედაქალაქმა ნახევარი მილიონი გამოყო..

XS
SM
MD
LG