ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტული აქტები არ არის ის ენა, ის პოლიტიკა,რომელიც არჩეული აქვს საქართველოს ხელისუფლებას


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ისედაც რთული ვითარება უფრო დაიძაბა. ცხინვალში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქებაში ცხინვალმა და მოსკოვმა ქართული მხარე დაადანაშაულა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმი გელა ბეჟუაშვილი ცხინვალში მომხდარ ტერორისტულ აქტს კრიმინალურ გარჩევას უკავშირებს. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დღეს მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც ედუარდ კოკოითმა ძალოვან სტრუქტურებს რეგიონში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ და საზღვარზე ქართველი სამხედროების გადაადგილებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტი ამ დღეებში მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ ანთაძის განცხადებით, ეს შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა.

რა ხდება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ? - ამ კითხვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნიკა რურუას მივმართე.

ნიკა რურუა : ყველაფერი ერთობლიობაში ხატავს სურათს, გეგმას, რომელიც გააჩნია რუსეთს, რომ „დიდი რვიანის“ შეხვედრის წინ მიეცეს განცხადების საშუალება, თითქოს საქართველო ძაბავს სიტუაციას რეგიონში. რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ჩვენს ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. საქართველოს არა აქვს არანაირი გეგმები თავის ტერიტორიაზე რაიმე სახის ძალისმიერი ოპერაცია ჩაატაროს . ტერორისტული აქტები არ არის ის ენა, არ არის არანაირ სიახლოვეში იმ პოლიტიკასთან, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას“.

XS
SM
MD
LG