ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საით მიდის რუსეთის დემოკრატია?


ვლადიმირ პუტინმა კონდოლიზა რაისისა და დიკ ჩეინის მხრიდან მისი მთავრობის კრიტიკას, კრიტიკითვე უპასუხა. მან ამერიკა მსუნაგ მგელს შეადარა. პუტინის თქმით, “ამხანაგმა მგელმა იცის თუ ვინ უნდა გადასანსლოს, იგი ჭამს და არავის აზრს არ შეისმენს.” ყურადღების ცენტრში რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის აზრით, რუსეთში ზოგი რამ, არასწორი გზით ვითარდება”, მაგალითად ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. პრეზიდენტი პუტინი კი ამტკიცებს, რომ ეს დემოკრატის რუსული, მის მიერ “სუვერენულ დემოკრატიად” შერაცხული მოდელია. კარნეგის ცენტრის, მშვიდობის ცენტრის, რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი ენდრიუ კაჩინსი ამბობს, რომ “იბადება კითხვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას რუსეთსა და ევროპას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს და რუსეთსა და ზოგ მის უშუალო მეზობელს შორის არსებული ურთიერთობისათვის”. კარნეგის ცენტრში ზემოთქმული კითხვების განხილვისას, რუსმა, პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა რუსეთის მიმართ კრიტიკას, შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეტევით უპასუხა. “როდესაც ერაყს ვუყურებ, მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთი კი არ ადგას არასწორ გზას არამედ ამერიკა” სთქვა მარკოვმა. ამასთან დაკავშირებით სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერაყის ხსენება არასწორია. “ეს რუსეთში მიმდინარე პროცესებიდან ყურადრების გადატანის საბაბით ხდება. მე დავამატებ, რომ შედარება არასწორია. ვინაიდან განსხვავებით რუსეთისაგან, ამერიკაში დემოკრატიის გაუმჯობესების მექანიზმები არსებობს”. თქვა პროფესორმა მაკფოლმა. მაკფოლი ბუსის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეა. იგი ხელისუფლების კრიტიკის შემცველ მრავალ სტატიას აქვეყნებს ამერიკის პრესაში და მიუთითებს მარკოვს, რომ რუსეთში კრემლის მსგავსი კრიტიკა გამორიცხულია.სერგეი მარკოვი ირწმუნება, რომ მართალია რუსეთი დემოკრატიული არ არის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს დემოკრატია სურს. “საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ დემოკრატიის მთავარი პრინციპებისადმი თაყვანისცემა გამოავლინა. ხალხს თავისუფალი და გაუყალბებელი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია და ოპოზიციაში ყოფნის უფლების ქონა მოსწონს”. დაამატა მარკოვმა. მარკოვის თქმით “ძირითადი პრობლემა ისაა, რომ რუსეთში დემოკრატია ანარქიასთან, მაფიის მიერ შეკვეთილ მკვლელობებთან, თაღლითობასთან, კორუფციასთან, არალეგალურ პრივატიზაციასთან და საერთაშორისო პრესტიჟის დაცემასთან, ანუ ყველა იმ უარყოფით პროცესთან იგივდება, რომლებიც რუსეთმა, მეოცე საუკუნის 90-თიან წლებში დემოკრატიასთან პირველი შეხებისას დაინახა”. მარკოვის თქმით “სწორედ ამიტომაც, რუსეთის მოქალაქეები მათ პრიორიტეტთა შორის, დემოკრატიას მხოლოდ მე4-ხე ადგილს უთმობენ. ამ გამოკითხვის თანახმად, რუსებისათვის მთავარი პირადი უსაფრთხოებაა, რასაც სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყვება. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ დემოკრატიის განვითარება სწორედ ამ საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG