ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი  ბუში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე განლაგებას ითხოვს


გუშინ ამერიკელებისადმი პრეზიდენტის მიმართვაში ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ საჭიროა დამატებით ორი მილიარდი დოლარის გამოყოფა საზღვრების გამაგრებისა და სასაზღვრო დაცვის ძალისხმევაში ეროვნული გვარდიის ექვსი ათასი ჯარიკაცის ჩართვისათვის.

“ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ დავძლიოთ არალეგალური იმიგრაციის მიერ შექმნილი პრობლემები და ჩვენ შევძლებთ ამ დარგში ქმედითი სისტემის შექმნას” - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მის სიტყვაში ასევე შეეხო იმ ზომებს, რომლებიც დღეს უკვე ტარდება, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

“ჩვენ ჯერ კიდევ სრულიად ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს და მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. მე კონგრესს ვთხოვ გამოყოს სათანადო ფულადი სახსრები, რათა მკვეთრად გაუმჯობესდეს ჩვენი საზღვრის დაცვის დონე.” - აღნიშნა პრეზიდენტმა ბუშმა.

პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა დაამტკიცონ სტუმარი მუშა ხელის პროგრამა, რომლის ძალითაც დროებითი ლეგალური სტატუსი მიეცემა მათ, ვინც მზად არის ამერიკაში არაკვალიფიციურ, დაბალი ანაზღაურების სამუშაოების შესრულებაზე.

ამჟამად სენატი იხილავს კანონპროექტს, რომლის ძალითაც უნდა შეიქმნას მექანიზმი იმ თორმეტი მილიონი არალეგალური იმიგრანტისათვის, რომლებიც დღეს ამერიკაში ცხოვრობენ, რათა მათ საბოლოო ანგარიშში შესძლონ ამერიკის მოქალაქეობის მიღება. ეს მოიცავს ჯარიმის გადახდას, ინგლისური ენის შესწავლას და სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.

საზოგადოებაში, ისევე როჰორც კონგრესში აზრი ორადაა დაყოფილი. ზოგს მიაჩნია, რომ არალეგალური იმიგრანტები კანონს არღვევენ და ამ საფუძველზე ისინი უნდა დაისაჯონ. სხვებს კი სჯერათ, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას იმიგრანტთა უფლებები. აი რა კომენტარი გაუკეთა დემოკრატმა სენატორმა დურბინმა პრეზიდენტის მიმართვას:

“თუ ეროვნულმა გვარდიამ უნდა მიატოვოს მისი რეგულარული ფუნქციები და უნდა ჩაერთოს მხოლოდ საზღვრების დაცვაში, გვექნება კი იმის გარანტია, რომ თუ აქ ან უცხოეთში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა ეროვნულ გვარდია ექნება იმის პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ გამოყენებულ იქნას ამ პრობლემების სასწრაფოდ მოსაგვარებლად?”- თქვა სენატორმა დურბინმა.

პრეზიდენტმა ბუშმა მის სიტყვაში განაცხადა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებები ბევრი ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებზე იქონიებს ზემოქმედებას. მისივე თქმით აბსოლუტურად ყოველ ადამიანს გააჩნია პირადი ღირსება, მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეობაა დაფიქსირებული მათ ოფიციალურ დოკუმენტებში.

ამ წუთებში სენატში დებატები მიმდინარეობს საიმიგრაციო რეფორმის საკითხის ირგვლივ.

აი რა კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ ბუშის მიმართვაზე ამერიკის ხმისთვის ამერიკაში მცხოვრები ქართველი კობა ცალანი:

“გუშინდელმა პრეზიდენტის გამოსვლამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია იმიგრაციაში, განსაკუთრებით ქართველებისათვის ცუდი შედეგი ექნება, თუკი სენატმა პრეზიდენტ ბუშის მიერ მხარდაჭერილი ვერსია მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ამ კანონპროექტში ეს არის იმიგრანტების სამ კატეგორიად დაყოფა. პირველ კატეგორიაში შედიან იმიგრანტები, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან ორ წელიწადზე ნაკლებ ხანს, მეორე კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც შტატებში ორი წლიდან ხუთ წლამდე იმყოფებიან, ხოლო მესამე კატეგორიაში კი შედიან ის იმიგრანტები, რომლებიც ამერიკაში ხუთიდან წლიდან ათამდე ან უფრო მეტ ხანს იმყოფებიან. ვინც ამერიკაში ორ წლამდეა ჩამოსული, მათ ყოველნაირი პირობის გარეშე მოუწევთ საქართველოში დაბრუნება. ისინი ვიც ორი წლიდან ხუთ წლამდე იმყოფებიან შტატებში, მათი ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ხოლო ის იმიგრანტები, რომლებიც ხუთ წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობენ, ისინი ავტომატურად ჩადგებიან მწვანე ბარათის რიგში, ავტომატურად მიეცემათ მუშაობის უფლება და გაცილებით უფრო გაუადვილდებათ ლეგალიზაციის პროცესი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კლასიფიცირების ათვლა დაიწყება 2006-ი წლის 7-ი იანვრიდან. ანუ კანონი რომც მიიღონ 2007 წელს, ათვლა მაინც 2006-ი წლიდან დაიწყება. ასე რომ, მთლიანობაში, ჩემის აზრით ძალიან ნეგატიური ინიციატივაა ”-აღნიშნა კობა ცალანმა.

XS
SM
MD
LG