ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში ამერიკელ ხალხს მიმართავს სიტყვით არალეგალური იმიგრაციის შესახებ


პრეზიდენტის სიტყვა ძირითადად შეეხება იმას, თუ რა გზებით უნდა გადაწყდეს ეს პრობლებმა და რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ამჟამად ამერიკაში მცხოვრებ დაახლოებით თორმეტ მილიონ არალეგალურ იმიგრანტს.

ვაშინგტონში ზოგს მიაჩნია, რომ ყველა არალეგალური იმიგრანტი ფაქტობრივად კრიმინალია და აქედან გამომდინარე საზღვრების მაქსიმალურად გამაგრება იქნება გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. სხვები კი ფიქრობენ, რომ შეუძლებელია ამდენი ხალხის დეპორტირება და საჭიროა რაღაც ფორმაში მაინც მათ ლეგალური სტატუსი მიენიჭოს. პრეზიდენტი ბუში ამ ორ პოზიციას შორის საშუალო გზას ირჩევს. მის სიტყვაში იგი კონგრესს მოუწოდებს ერთ მხრივ განამტკიცოს ამერიკის საზღვრები, ხოლო მეორე მხრივ არალეგალურ იმიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ გასტარბაიტერების სტატუსი ანუ სტუმრად მყოფი მუშათა სტატუსი მიანიჭონ.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების თქმით პრეზიდენტ ბუშს მიაჩნია, რომ საზღვრების დაცვისათვის უპრიანია ეროვნული გვარდიის ნაწილების გამოყენება. საგულისხმოა, რომ ეროვნული გვარდიის ნაწილები აშშ-ის საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებზე უკვე ასრულებენ ამ ფუნქციას. ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს სტივენ ჰედლის მიაჩნია, რომ ეს ფუნქციები მომავალში უნდა გაფართოვდეს.

“ეროვნული გვარდიის ჩართვა საზღვრის დაცვის ფუნქციებში სულაც არ არის ახალი იდეა. ისინი უკვე ასრულებენ ამ მოვალეობას. ეროვნული გვარდიისადმი საზღვრის დაცვის ფუნქციის დაკისრება სულაც არ წარმოადგენს ჩვენი საზღვრების დაცვის მილიტარიზაციას. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ სამოქალაქო სასაზღვრო დაცვის კიდევ უფრო გაფართოვებას.”-აღნიშნა ბატონმა ჰედლიმ.

ამ აზრს არ იზიარებს სენატორი პატრიკ ლიჰი. მისი აზრით ეროვნული გვარდია უკვე ისედაც მაქსიმალურ როლს თამაშობს ერაყში მიმდინარე ოპერაციებში და მისი გამოყენება საზღვრის დაცვის ფუნქციებშიარ არის მართებული.

“ჩვენ ისედაც მაქსიმალურად ვიყენებთ ეროვნული გვარდიის ნაწილების რეზერვებს. ახლა კი მათი საზღვრების დაცვის საქმეშიც უნდათ ჩართვა. უკვე ორი წელია, რაც ერთი და იგივე კითხვას ვსვავ, რატომ არ უზრდით ფონდებს მესაზღვრეთა ნაწილებს ორი წელია ამას ვკითხულობ და პასუხი დღესაც არ მიმიღია” - თქვა სენატორმა ლიჰიმ.

სენატის ლიდერთა აზრით რამოდენიმე კვირაში უკვე მზად იქნება იმიგრაციის რეფორმის კანონპროექტი იმ სახით, რომელიც მისაღები უნდა იყოს თეთრი სახლისათვის.

XS
SM
MD
LG