ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესის კორუფციის საქმეზე სასამართლო იწყება


ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესის კორუფციის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყება. შესაძლოა ამ საქმემ დემოკრატი სენატორის ხელახლა არჩევის პერსპექტივაზე იმოქმედოს და დაეხმაროს იმის დადგენას, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს მომავალ წელს.

70 წლის მენენდესის და ნიუ-ჯერსელი ორი ბიზნესმენის საქმეს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში განიხილავენ. მათ ბრალად მექრთამეობის შეთქმულებაში მონაწილეობა აქვთ წაყენებული და სასამართლო მოსმენები, შესაძლოა, 5-დან 8 კვირამდე გაგრძელდეს. ბრალი სენატორის მეუღლე, ნადინ მენენდესსაც აქვს წაყენებული, მაგრამ მისი სასამართლო ცალკე შედგება.

ოთხივე ბრალდებულმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

ნიუ-ჯერსის უფროს სენატორ მენენდესს, ხელახლა არჩევა ნოემბერში უწევს და თუ გამართლდება, იმედი აქვს მეოთხე ვადით ასარჩევად, დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი.

თუმცა, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ნიუ-ჯერსის ამომრჩევლებში ის უაღრესად არაპოპულარულია. ბევრმა დემოკრატმა სენატორმა, მათ შორის ნიუ-ჯერსის სენატორმა კორი ბუქერმა, მას გადადგომისკენ მოუწოდა.

პროკურორები ამბობენ, რომ მენენდესმა აიღო ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და კაბრიოლეტი „მერსედესი“ იმის სანაცვლოდ, რომ ნიუ-ჯერსიში თავისი პოლიტიკური გავლენა, ეგვიპტის და კატარის მთავრობების დასახმარებლად გამოეყენებინა.

ბრალდების მიხედვით, სავარაუდოდ, სენატორი ეგვიპტეს დაპირდა ხელი შეეწყო იარაღის შეძენაში და სხვა სამხედრო დახმარების მიღებაში და დაეხმარა ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენს, ბრალდებულ ვაელ ჰანას, ეგვიპტეში საექსპორტო „ჰალალ“ ხორცის სერტიფიცირების სასურველი მონოპოლია მიეღო.

პროკურორებმა ასევე განაცხადეს, რომ მენენდესმა სცადა დახმარებოდა ბრალდებულ ფრედ დაიბს, კატარის მთვრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ფონდიდან მილიონობით დოლარი მიეღო და სურდა ნიუ-ჯერსიში დაიბსის წინააღმდეგ დაწყებული ფედერალური კრიმინალური საქმისთვის ხელი შეეშალა.

მენენდესის და მისი მეუღლის წინააღმდეგ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალიც არის წაყენებული.

მეხუთე ბრალდებულმა, ხოზე ურიბემ, მარტში მექრთამეობაში და თაღლითობაში თავი დამნაშავედ ცნო და პროკურორებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

XS
SM
MD
LG