ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნება“ „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას კვლავ აპირებს


მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას დღეს, 3 აპრილს გააცნო.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ შეიცვლება.

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით, ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონში, ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი", გამოყენებული იქნება ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია." კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი], სამივე მოსმენით იქნება მიღებული.

2023 წლის მარტში, „ქართულმა ოცნებამ", „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება ვერ შეძლო.

  • საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე, პარლამენტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად, გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას ასახელებდა.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, გასული წლის 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს, სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.
  • 2023 წლის 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

ევროპული გამოხმაურება

მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პირველი პოლიტიკური შეფასებები უკვე გაკეთდა ევროკავშირში. ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი, მომხდარს სოციალურ ქსელ X-გამოეხმაურა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს.

„ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობდა, თავისი ქმედებების შემოწმებისგან თავი დაეცვა, მაგრამ სიმართლეს ვერ უარყოფენ. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟისთვის", - წერს ერვოპარლამენტარი, სოციალური მედიის პლატფორმაზე.

"პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება "ქართულ ოცნებაში". იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება", - ასე ეხმაურება, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

"ქართული ოცნება თუ კოშმარი?", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი.

"უცხოური აგენტების კანონი არის იმპორტი რუსული დიქტატურიდან და მოწამლავს ყველა დემოკრატიულ პროცესს და ევროპაში ინტეგრაციას", - წერს ჰარმსი სოციალურ ქსელ X-ზე.

XS
SM
MD
LG