ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი - ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ CIA-ის ფარული გავლენის ოპერაცია დაიწყო


ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირის თანახმად, რომელმაც უშუალოდ იცოდა უაღრესად გასაიდუმლოებული ოპერაციის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე ყოფნის მეორე წელს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ნება დართო დაეწყო ფარული კამპანია ჩინურ სოციალურ მედიაზე. კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩინეთში საზოგადოებრივი აზრი, მისი მთავრობის წინააღმდეგ განეწყო.

CIA-ის სამმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ უთხრა, რომ დაზვერვის სააგენტომ შექმნა ოპერატიული მუშაკების პატარა ჯგუფი, რომელიც გამოგონილ ინტერნეტ იდენტობებს იყენებდა, რათა სი ძინპინის მთავრობის შესახებ უარყოფითი ამბები გაევრცელებინა და იმავდროულად, უცხოურ მედია საშუალებებში დამამცირებელი შინაარსის სადაზვერვო მონაცემების გაჟონვა მოეხდინა. ამ ოპერაციის შესახებ, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ადრე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთმა სამხედრო პაქტების დადებით, სავაჭრო გარიგებებით და განვითარებად ქვეყნებთან ბიზნეს პარტნიორობით, თავისი გლობალური გავლენის ზონა სწრაფად გაზარდა.

CIA ხელს უწყობდა ბრალდებების გავრცელებას იმის შესახებ, რომ ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წევრები, საზღვარგარეთ არაკეთილსინდისიერი გზით ნაშოვნ ფულს მალავდნენ და ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივას, რომელიც განვითარებად სამყაროში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს, ლანძღავდნენ როგორც კორუფციულ და გამაკოტრებელ ღონისძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ამ ოპერაციების კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრეს, მათ თქვეს რომ დამამცირებელი ამბები ფაქტს ეფუძნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის ოპერატიული მუშაკები ყალბი იდენტობით ფარულად ავრცელებდნენ.

CIA-ის პრესმდივანმა უარი თქვა გაეკეთებინა კომენტარი გავლენის პროგრამის არსებობაზე, მის მიზნებსა და შედეგებზე.

წყაროებმა თქვეს, რომ CIA-ის ოპერაცია იყო პასუხი ჩინეთის მხრიდან წლების განმავლობაში წარმოებულ, აგრესიულ ფარულ ძალისხმევაზე, რომელიც თავისი გლობალური გავლენის გაფართოებას ცდილობდა.

ტრამპი თავისი პრეზიდენტობის დროს, ჩინეთისთვის უფრო მკაცრი პასუხის გაცემას მოითხოვდა, ვიდრე მისი წინამორბედები.

„როიტერმა“ ვერ დაადგინა საიდუმლო ოპერაციას როგორი გავლენა ჰქონდა, ან ბაიდენის ადმინისტრაციამ CIA-ის ეს პროგრამა შეინარჩუნა თუ არა.

XS
SM
MD
LG