ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი აცხადებს, რომ 18 რუსული დრონი ჩამოაგდო და რუსულ საპატრულო ხომალდს დაარტყა


უკრაინის სამხედრო უწყებამ 5 მარტს განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვამ, ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი გაანადგურა. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის საზღვაო დრონებმა, ყირიმის ნახევარკუნძულთან, რუსულ საპატრულო ხომალდს დაარტყეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსულ „სერგეი კოტოვს“ ქერჩის სრუტესთან დაარტყეს და "ხომალდის კიჩო, მარჯვენა და მარცხენა ქიმები დააზიანეს“.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა სულ 22 საჰაერო დრონი გაუშვა და 18 მათგანს გზა ოდესის რაიონში გადაუჭრეს. ოდესის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსულმა თავდასხმებმა რამდენიმე შენობა დააზიანა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

ორშაბათს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ადგილზე ვითარების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ტელეფონით ისაუბრა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსტინმა უკრაინისადმი შეერთებული შტატების და მოკავშირეების მიმდინარე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ორშაბათსვე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და როგორც თავად უწოდა, რუსეთის ისტორიული ნაწილები „შინ უნდა დაბრუნდნენ“. ამ განცხადებაზე კიევს ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.

უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ 2022 წელს, რუსეთის თავდასხმის საწყის ეტაპზე პოლონეთში გამართული ორი დონორი კონფერენციის მიერ შეგროვებული 17.4 მილიარდი დოლარი არ მიუღია. პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ პოლონეთისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად ორგანიზებულმა კონფერენციებმა 10.8 და 6.5 მილარდი დოლარი შეაგროვა. „ის სად წავიდა? რას დაეხმარა... უკრაინას არაფერი მიუღია“, თქვა პრემიერმა.

2022 წლის აპრილში, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის ვარშავაში გამართულმა გლობალური შემოწირულობების ღონისძიებამ, თითქმის, 11 მილიარდი შეაგროვა.

„სააგენტო ფრანს პრესის“ ცნობით, ერთი თვის შემდეგ, პოლონეთის დედაქალაქში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ღონისძიება, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით შედგა და როგორც პოლონეთის მთავრობამ იმ დროს განაცხადა, 6.8 მილიარდი დოლარი შეგროვდა.

XS
SM
MD
LG