ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალმა ზალუჟნიმ, თავისი გაურკვეველი მომავლის ფონზე, პრიორიტეტები დასახა


ვალერი ზალუჟნი
ვალერი ზალუჟნი

ზოგიერთი მედიით გავრცელებული ცნობის შემდეგ, რომ შესაძლოა უკრაინელი გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენონ, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ წერილში, უკრაინის არმიის მეთაურმა ჩამოაყალიბა უკრაინის პრიორიტეტები და დაასახელა გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის საომარ ძალისხმევას ზიანს აყენებს.

„სი-ენ-ენის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში, გენერალ ზალუჟნის არ უხსენებია პრეზიდენტ ზელენსკისთან უთანხმოება, ან თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა. ამერიკულმა ტელეკომპანიამ თქვა, რომ ზალუჟნიმ წერილი „მისი მოსალოდნელი გადაყენების გამოცხადებამდე“ დაწერა.

ადრე „სი-ენ-ენმა“ ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, თქვა, რომ სულ რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადებდა. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დროს, უკრაინის არმიაში უდიდესი ცვლილება იქნებოდა.

უფრო ადრე, პრეზიდენტის გუნდის მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, რომ „დღეისთვის“ ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილება არ არსებობდა და ხალხს მოუწოდა ამ საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეეკავებინათ.

თავის წერილში ზალუჟნიმ თქვა, რომ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლის ბოლოს, რუსეთზე უპირატესობის მოსაპოვებლად, უკრაინას ახალი გზების და შესაძლებლობების მოძებნა სჭირდება. „ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევის სათანადოდ შეუფასებლობა შეუძლებელია. საჭიროა ტექნოლოგიური გადაიარაღების სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემის შექმნა“, დაწერა ზალუჟნიმ. „ამ მომენტისთვის ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ რომ ასეთი სისტემის შექმნა ხუთ თვეში იქნებოდა შესაძლებელი. ჩვენს პარტნიორებს იგივე ხედვა აქვთ“ - წერს გენერალი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი დრონების, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება სჭირდება „გადამწყვეტია ეს უპილოტო სისტემები, როგორიც დრონებია, სხვა ტიპის მოწინავე იარაღთან ერთად, რათა უკრაინას საუკეთესო საშუალება მიეცეს თავიდან აიცილოს პოზიციურ ომში ჩათრევა, სადაც ჩვენ უპირატესობა არ გაგვაჩნია“.

მაგრამ, ზალუჟნიმ იქვე გააკრიტიკა ის, რასაც უწოდებს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების „უუნარობას“, მისივე თქმით, „არაპოპულარული ზომების“ გარეშე შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დონეები გააუმჯობესოს. ეს შენიშვნა ძლიერ ბრალდებად გამოჩნდა უკრაინის არმიის სამობილიზაციო პროცესის რეფორმის მცდელობის მიმართ, რომელმაც კვირების განმავლობაში ვერ შეძლო საპარლამენტო კომისიების გავლა, რათა კანონმდებლებმა დებატების დაწყება შეძლონ.

მან ასევე გააკრიტიკა სახელმწიფო რეგულირების სტრუქტურის „ნაკლოვანებები“ და თავდაცვის ინუსტრიის ნაწილობრივი „მონოპოლიზაცია“, რომელზეც ზალუჟნიმ თქვა, რომ ის ზღუდავს ისეთი პროდუქტის წარმოებას, როგორიც საბრძოლო მასალაა.

გენერალმა, რომელიც ზოგიერთისთვის „რკინის გენერლადაა“ ცნობილი, აღიარა, რომ კიევს უწევდა გამკლავება სამხედრო დახმარების შემცირებასთან საკვანძო მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური სირთულეების გადაჭრით არიან დაკავებული. „ჩვენი პარტნიორების რაკეტების, ანტისაჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელების და არტილერიის საბრძოლო მასალების მარაგები ილევა, უკრაინაში დაპირისპირების ინტენსიურობის და ამასთან ერთად, დენთის გლობალური ნაკლებობის გამო“, თქვა მან.

ზალუჟნი, რუსეთთან ომის პერიოდში, დასავლურ მედიაში პერიოდულად აქვეყნებდა სტატიებს და ნოემბერში გამოქვეყნებული ბოლო სტატიის მსგავსად, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბრძოლის ველზე ტექნოლოგიური გარღვევაა საჭირო. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს მომენტით სარგებლობა - ბოლოდროინდელი საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მიყვანა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად, ნაკლები რესურსი დავხარჯოთ“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG