ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირბი: რუსეთმა უკრაინაში ჩრდილო კორეის მიწოდებული რაკეტები გამოიყენა


თეთრი სახლი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინაში გამოყენებული მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები რუსეთს ჩრდილო კორეიდან მიაწოდეს. ამას ადმინისტრაცია დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.

კირბიმ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდებას "მნიშვვნელოვანი და შემაშფოთებელი ესკალაცია" უწოდა და თქვა, რომ ამერიკა დამატებით სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც იარაღით ვაჭრობას აორგანიზებს.

მოსკოვიც და ფხენიანიც იარაღით ერთმანეთთან ვაჭრობის ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ.

ამ სიახლეს გმობს დიდი ბრიტანეთიც, და სამხრეთ კორეაც. ეს უკანასკნელი ნოემბერში ამბობდა, რომ მის ჩრდილოელ მეზობელს შესაძლოა რუსეთისთვის კონკრეტული იარაღი მიეწოდებინა, ისევე როგორც სხვა ანტი-სატანკო და ანტისაჰაერო სარაკეტო და საარტილერიო სისტემები, რაკეტები, შაშხანები თუ სხვა.

"ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ კორეის ხალხის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები სისტემები და თავად რაკეტები მიაწოდა", - თქვა კირბიმ.

ჩინეთი ამბობს, რომ ჩრდილო კორეისა და რუსეთის თანამშრომოლობის თაობაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა პეკინი ყველა მხარეს "დაძაბულობის შემცირებისკენ" და "უკრაინის კრიზისიდან" გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG