ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიუღებელია 10 წელშიც და 20 წელშიც


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება ისაუბროს უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უკრაინის მომავლის შესახებ, თუ მათ ეს სურთ. მაგრამ, მისი თქმით, მოსკოვი "დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს".

მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ მზად იქნებოდა "მშვიდობაზე სასაუბროდ". თუმცა, დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვიდრე ვლადიმირ პუტინი ამისთვის რეალურ ძალისხმევას გამოიჩენს, მომდევნო წლის ნოემბერში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდება.

„უკრაინაში, ვინც რუსეთის მიმართ აგრესიულია, ევროპასა და ამერიკაში, - სურთ მათ მოლაპარაკება? დაე, მოილაპარაკონ. მაგრამ, ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს.

„ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია“, - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს.

რუსეთი, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული, სუვერნეული ტერიტორიის 17,5%-ს აკონტროლებს. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება "მიუღებელია 10 წელშიც და 20 წელშიც.“

2014 წელს, რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია გამოაცხადა და თქვა, რომ უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონი, რომელსაც მისი ჯარები მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს, რუსეთის ნაწილია. კიევი აცხადებს, რომ არ დანებდება იქამდე, ვიდრე უკრაინიდან ბოლო რუს ჯარისკაცსაც არ განდევნის.

რუსეთი ომში

ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადებები თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის, მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვალერი გერასიმოვი, ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრე ბორტნიკოვი ესწრებოდნენ.

პუტინის თქმით, ბრძოლის ველზე ინიციატივა ახლა რუსულ ძალებს აქვს:

„ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“, - განაცხადა პუტინმა. თუმცა, ასევე თქვა, რომ რუსეთს უკეთესი სამხედრო კომუნიკაცია, დაზვერვა და თანამგზავრული შესაძლებლობები სჭირდება.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე - დასავლეთი და რუსეთი გააგრძელებს ბირთვული ძალების განახლებას და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

თავდაცვის მინისტრ შოიგუს განცხადებით, 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთმა ტანკების წარმოება 5,6-ჯერ გაზარდა, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება -16,8-ჯერ, საარტილერიო ჭურვების - 17,5-ჯერ.

მისი თქმით, რუსეთმა 2023 წელს 490,000 საკონტრაქტო და მოხალისე ჯარისკაცი მიიღო. მომავალ წელს, მინისტრის განმარტებით, რუსეთი შეეცდება საკონტრაქტო ჯარი 745,000 კაცამდე გაზარდოს.

შოიგუს თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში 7000 კვ.კმ ტერიტორია დანაღმეს, აღმართეს 1,5 მილიონი ტანკსაწინააღმდეგო ბარიერი და გათხარეს 2000 კმ ტანკსაწინააღმდეგო თხრილები.

XS
SM
MD
LG