ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმა აზოვის ზღვის რუსეთის ზღვად გამოცხადებას გეგმავს


რუსმა დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა 5 დეკემბერს რუსულ სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, 2023 წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი აზოვის ზღვის შიდა რუსეთის წყლის ობიექტად აღიარების შესახებ.

აზოვის ზღვა აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით უკრაინას.

რუსეთის ჯარებმა ეს ტერიტორიები 2022 წლის თებერვალში უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში დაიკავეს. მას შემდეგ მოსკოვი აცხადებს, რომ ეს მისი ტერიტორიაა. მალევე კრემლმა სამხედრო ხომალდები უკრაინის ოკუპირებულ პორტებში გადაიყვანა.

შერემეტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ზაპორიჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიების ანექსია მოახდინა, რომლებიც აზოვის ზღვას ესაზღვრება, „ისტორიულმა სამართლიანობამ გაიმარჯვა და უკრაინამ აქ სანაპირო სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს ტერიტორიები ანექსირებულად 2022 წლის 30 სექტემბერს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ომის შედეგად უკრაინელი მოსახლეობისგან დაცლილ ტერიტორიაზე რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი ჩაატარა. საერთაშორისო თანამეგობრობა და უკრაინის მთავრობა რეფერენდუმს არალეგიტიმურად აცხადებს. საერთაშორისო სამართალი დეტალურად არ აღწერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის კანონიერების საკითხებს, თუმცა გაეროს წესდებია მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი კრძალავს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ტერიტორიების ანექსიას.

XS
SM
MD
LG