საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ საიტზე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
"საფრანგეთმა მიიღო ცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დამტკიცების შესახებ".
განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მთავრობა, საქართველოს ხელისუფლებისგან პროევროპული და დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას მოელის და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ქვეყანას 12-პუნქტიანი მოთხოვნების სია აქვს შესასრულებელი.
"ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, სადაც ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან პასუხისმგებლობის გამოვლენას და ძალისხმევის ფოკუსირებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საჭირო რეფორმების განხორციელებაზე. კერძოდ, 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც [ევრო] კომისიამ განსაზღვრა 2022 წლის ივნისის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ",- ვკითხულობთ საფრანგეთის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია საქართელოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებდა. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.