ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმ ობრაიენი: რუსეთმა უფრო ნათლად უნდა გვითხრას, რას ითხოვს


ხუთშაბათს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა, ამერიკის პირველმა დიპლომატმა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე ისაუბრა. ბლინკენმა თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნები ერთად უნდა აღუდგნენ წინ რუსეთს და „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთად უნდა უთხრას მოსკოვს, რომ საკმარისია“, ამ შეთანხმების იარაღად გამოყენება.

შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი შეთანხმება, რომელსაც თურქეთისა და გაეროს ჩართულობით უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს, საშუალებას აძლევდა უკრაინას, რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტებიდან, უკრაინული მარცვლეული მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის მიეწოდებინა.

შეთანხმება, რუსეთის მიზეზით, რამდენჯერმე იდგა შეწყვეტის საფრთხის წინაშე, თუმცა ის კრემლმა მხოლოდ 2023 წლის 17 ივლისს დატოვა. მოსკოვში ამბობენ, რომ შეთანხმება მათ სასარგებლოდ აღარ მუშაობს და რომ დასავლეთი რუსეთისთვის მიცემულ თავის პირობებს არ ასრულებს.

ამერიკის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც შეთანხმება შეწყვეტის საფრთხის წინაშე იდგა, გლობალურად, საკვებზე ფასები, დაახლოებით 6%-ით იწევდა. საკვებზე ფასების გაზრდა კი მსოფლიოში არსებულ სასურსათო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

უკრაინა გლობალურად მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ქვეყანაა. რუსეთის მიერ, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებით, ზიანი ადგება არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკას და უკრაინელ ფერმერებს, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც უკრაინულ პროდუქტზე არიან დამოკიდებული.

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი განმარტავს, რომ ეს განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ ქვეყნებში, სადაც ბავშვთა ჩამორჩენილობის მაღალი მაჩვენებელია:

„უკრაინული მარცვლეულის წამყვან 15 იმპორტიორთა შორის არის არაერთი განვითარებადი ქვეყანა, სადაც საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია ბავშვების [განვითარებაში] ჩამორჩენის. მე ჩამოვთვლი რამდენიმე მონაცემს: ეგვიპტე 22%; ბანგლადეში 28%; ინდოეთი 36%; ლიბია 38%; კენია 18%; ხოლო ინდონეზია 31%. ცხადია, მარცვლეულის გამოტანა საერთაშორისო ბაზრებიდან და მარცვლეულის შემცირება რომელიმე იმ ქვეყანაში, სადაც უკვე იტანჯებიან ბავშვები საკვების სიმცირით, თუ არასრულფასოვანი კვებითა და ბავშვობაში ჩამორჩენილობით, არ არის კარგი“.

რუსეთმა შეთანხმების დატოვების შემდეგ, საკუთარი პირობები წამოაყენა. მოსკოვი მათ შესრულებას ითხოვს იმისთვის, რომ ამ შეთანხმებაში დაბრუნდეს და კვლავ მისცეს უკრაინულ გემებს უსაფრთხო დერეფანი, შავიზღვის გავლით, მსოფლიოსთვის მარცვლეულის მისაწოდებლად. მოთხოვნებს შორისაა სანქციების შემსუბუქება რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის.

თუმცა, ჯიმ ობრაიენი ამბობს, რომ რუსეთი უფრო მკაფიოდ და გასაგებად უნდა ამბობდეს რას ითხოვს, ვინაიდან ამერიკას ამ კონკრეტული რუსული პროდუქტის ექსპორტზე სანქციები არ დაუწესებია.

„მათ წამოაყენეს მრავალი განსხვავებული მოთხოვნა და ყველა მათგანი დაკავშირებულია რუსეთის სხვადასხვა ინსტიტუტებთან, რომლებიც არ იღებენ მომსახურებას კერძო სექტორისგან“,- ამბობს ობრაიენი.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან ასევე დასძინა: „ამერიკას არ აქვს სანქციები დაწესებული რუსულ საკვებსა და სასუქზე. რუსეთის საჩივრები ეხება კონკრეტულ კომერციულ სუბიექტებს რუსეთში, რომლებსაც გარკვეული სირთულეები აქვთ კერძო სექტორის მიმწოდებლებთან. ეს ყოველთვის არ არის დაკავშირებული ჩვენ [ამერიკის] პოლიტიკასთან“.

ობრაიანი ამბობს, რომ ამერიკა მზადაა, შესაძლებლობის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას ხელი შეუწყოს. მზაობას დახმარებაზე თურქეთიც გამოთქვამს.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შეგდა. რეჯებ ტაეპ ერდოღანის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მხარეებმა მარცვლეულის შეთანხმებაზე ისაუბრეს და რომ ერდოღანმა მისი გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

თურქეთის როლი შავი ზღვის მარცვლეულის გარიგებაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:12 0:00

პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს აგვისტოში უნდა შეხვდნენ. ელოდებიან, რომ პუტინი თურქეთში ჩავა და მათი შეხვედრის მთავარი, თუმცა არა ერთადერთი განხილვის საგანიც, სწორედ შავი ზღვის ინიციატივაზე შეთანხმება იქნება.

მანამდე, კი რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკულმა ბანკმა, "ჯეი-პი მორგანმა", მის აგრარულ ბანკს მომსახურება შეუწყვიტა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მთავარი ფინანსური სისტემიდან, "სვიფტიდან" მოხსნა, დასავლეთმა რუსეთს სწორედ ამ ბანკის მომსახურება შესთავაზა ალტერნატივად, რათა რუსეთს, მსოფლიოში მარცვლეულის, ასევე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიმწოდებელელს, სურსათის ექსპორტი არ შეეწყვიტა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამერიკულმა ბანკმა მათთვის მომსახურება 2 აგვისტოს შეწყვიტა და ითხოვენ, რომ რუსეთი "სვიფტის" პროგრამაში დააბრუნონ.

თურქეთის და ამერიკის განცხადებით, არსებობს მინიშნება, რომ რუსეთმა შესაძლოა შავი ზღვის შეთანხმება გააგრძელოს, თუმცა, იქონიებს თუ არა მოვლენების ეს ბოლო განვითარება გავლენას რუსეთის გადაწყვეტილებაზე, ჯერ უცნობია.

მანამდე კი შეთანხმება შეჩერებულია. უკრაინული მარცვლეული მსოფლიოს არ მიეწოდება, რუსეთი კი განაგრძობს უკრაინის საკვების მარაგისა და პორტების სამიზნეებზე თავდასხმას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG