ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: "პატრიოტები" უკრაინაშია


"პატრიოტის" ტიპის სარაკეტო სისტემა
"პატრიოტის" ტიპის სარაკეტო სისტემა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კიევმა ამერიკული "პატრიოტის" სარაკეტო სისტემები მიიღო.

"დღეს ჩვენი მშვენიერი უკრაინის ცა კიდევ უფრო დაცული გახდება, რადგან უკრაინაში "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოვიდა", - ამბობს თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ "პატრიოტის" სისტემა, რომლის გაცემის დაპირებაც ამერიკამ ოქტომბერში გასცა, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად.

"პატრიოტის" სისტემას შეუძლია მიზანში ამოიღოს საჰაერო ხომალდი, ფრთოსანი რაკეტა, მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთმა ეს მრავალგვარი იარაღი უკრაინის დასაბომბად არაერთხელ გამოიყენა, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული, თუ სხვა სისტემების მწყობრიდან გამოსაყვანად.

უკრაინის საჰაერო ძალების პრეს-სპიკერმა იური იჰნატმა სამშაბათ საღამოს თქვა, რომ ეს უკრაინელების დამიზნების რადიუსსაც გაზრდის. მინისტრმა რეზნიკოვმა კი მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს, გერმანელებსა და ჰოლანდიელებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი სისტემაა უკვე უკრაინაში, და კვლავ რამდენს ელოდება კიევი.

გუშინვე გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პატრიოტის" სისტემა სამხედრო დახმარების სხვა ნაწილებთან ერთად უკრაინას გასულ კვირას გადაეცა. ეს ანალენა ბერბოკმა, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ბერლინში ოთხშაბათს, კანონმდებლებთან შეხვედრისასაც დაადასტურა.

ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ "პატრიოტის" სისტემა კიევმა სრულმასშტაბიან ომამდე 5 თვით ადრე მოითხოვა და ამბობს, რომ ის, რაც მაშინ "ოცნებას" ჰგავდა, ახლა რეალობად იქცა.

უკრაინელი სამხედროები "პატრიოტის" სისტემის გამოყენებას ამ ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. მის უზრუნველყოფასა და გამოყენებას შესაძლოა 90-მდე ჯარისკაციც კი დასჭირდეს.

თუმცა ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ამ ძლიერი სისტემის ეფექტურობა უკრაინაში რუსეთის ომში, შესაძლოა, მაინც შეზღუდული იყოს და მან გარდამტეხი ცვლილება არ მოახდინოს, თუმცა უკრაინის არსენალს მნიშვნელოვნად გაამდიდრებს. "პატრიოტის" რაკეტის გამშვები მოწყობილობა - თითოეული 10 მილიონი დოლარი ღირს, თითო რაკეტა კი - 4 მილიონი. შესაბამისად, მისი გამოყენება ირანული დრონების თუ სხვა მცირე ღირებულების მქონე საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ, ეფექტური არ იქნება.

რუსეთი კი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას განაგრძობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამით დაბომბვას ემსხვერპლა სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 27 კი - დაშავდა. 2 ადამიანი დაიღუპა ხარკივის რეგიონში მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად.

რუსეთმა 12 სარაკეტო, სატანკო თუ დრონით განხორციელებული იერიში მიიტანა ხერსონის რეგიონზეც, რასაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ქალი დაიღუპა და ერთიც დაშავდა ჩრდილოეთ უკრაინაში, საზღვართან მდებარე სოფელ რიჩკის დაბომბვის შედეგადაც. რუსეთის ძალებმა ღამით ასაფეთქებელი დრონებით იერიში მიიტანეს ქვეყნის სამხრეთში, ოდესის რეგიონზეც.

"ოდესის ანტისაჰაერო სარაკეტო ბრიგადის წევრებმა 12-იდან 10 "შაჰიდის" ტიპის კამიკაძე დრონი გაანადგურეს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ. იური კრუკი, ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დრონის სამიზნე საჯარო ინფრასტრუქტურა იყო.

XS
SM
MD
LG