ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის რკინიგზის დეპო დაბომბა


ოთხშაბათს უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც ფრონტის ხაზის მიღმა მდებარეობს, სარკინიგზო დეპოზე მიიტანა იერიში.

ინტერნეტში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ფოტოებზე ჩანს აფეთქებები, რომლებიც მელიტოპოლის ღამის ცას ანათებს. ეს რუსეთის მიერ კონტროლირებული ადმინისტრაციული ქალაქია ზაპორიჟიაში, რომელიც ერთ-ერთია უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომელსაც რუსეთი ანექსირებულად აცხადებს.

უკრაინის დევნილმა ქალაქის მერმა დაადასტურა, რომ ქალაქში აფეთქებები ნამდვილად მოხდა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ რუს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო საცავი, თუმცა ელექტროენერგია ქალაქ მელიტოპოლსა და მიმდებარე სოფლებს მიეწოდება.

მელიტოპოლი რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, რადგან ის სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს უკრაინის სამხრეთში განლაგებული რუსული ძალებისთვის მოსამარაგებლად. ის ასევე არის სახმელეთო ხიდის ნაწილი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.

საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იარაღი გამოიყენა უკრაინამ ამ თავდასხმისთვის არ გავრცელებულა. მელიტოპოლი „ჰაიმარსების“ რაკეტების რადიუსის მაქსიმალურ ზღვარზე მდებარეობს უკრაინის მიერ კონტროლირებული ხაზიდან. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა სხვა იარაღსაც იყენებდეს.

XS
SM
MD
LG