ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო უკრაინაში ომის წლისთავის წინ რეზოლუციას ამზადებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ცდილობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებით დასრულებას მიაღწიოს. შესაბამისი რეზოლუციის კენჭისყრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხუთშაბათს, 23 თებერვალსაა ჩანიშნული.

გაერო ხაზს უსვამს სამშვიდობო რეზოლუციის მიღების აუცილებლობას, რომელიც უკრაინამ და მისმა მხარდამჭერებმა გაეროს დამფუძნებელ ქარტიასთან თანხმობაში შეიმუშავეს და აცხადებს, რომ აუცილებელია "რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მრავალმხრივი, სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის" მიღწევა უკრაინაში. "გამოჩნდება, სად დგანან ერები და მსოფლიო უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხებში" - უთხრა შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, გაეროს ქარტია "ცალსახად", არაორაზროვნად აცხადებს, რომ "ყველა წევრმა ერთმანეთთან საერთაშორისო ურთიერთობებში, თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან".

უკრაინა და მისი მხარდამჭრეები იმედოვნებენ, რომ რუსეთს დიპლომატიურ იზოლაციაში მოაქცევენ და მიიღებენ რეზოლუციის დასამტკიცებლად საჭირო ხმების სამ მეოთხედს. ასეთი მხარდაჭერა მსგავსმა რეზოლუციებმა გასულ წელს რამდენჯერმე მიიღო. ისინი თვლიან, რომ საკითხი ძალზე მარტივადაა: არაპროვოცირებულად, ერთმა ქვეყანამ უკანონოდ დაარღვია მეზობელი სახელმწიფოს საზღვრები, შეიჭრა იქ და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ჯერ კიდევ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომელიც ქვეყნის "დენაციფიკაციას" (ნაცისტებისგან გათავისუფლებას) ისახავს მიზნად. ბოლო დროს კრემლის რიტორიკაში ხშირად ისმის დასავლეთის მიმართ ბრალდება, რომელმაც მხარი უკრაინას დაუჭირა. მოსკოვი აცხადებს, რომ ომს დასავლეთი უწყობს ხელს.

"დასავლეთი... უტიფრად უგულვებელჰყოფს ჩვენს შეშფოთებებს და აგრძელებს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან უფრო და უფრო ახლოს მოტანას" - უთხრა რუსეთის ფედერაციის ელჩმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ გენერალურ ასამბლეას. მისი თქმით, მოსკოვს უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების გარდა, "სხვა გზა არ ჰქონდა", მათ უნდა დაეცვათ რუსულენოვანი მოსახლეობა აღმოსავლეთ უკრაინაში და "უზრუნველეყოთ ქვეყნის უსაფრთხოება".

გაეროს რეზოლუცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, მაგრამ მას პოლიტიკური წონა აქვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იმეორებს გასულ წელს არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომელიც რუსეთისგან ითხოვს ჯარების გაყვანას და სასტიკი ქმედების შეწყვეტას. რუსეთი რეზოლუციას უწოდებს "დაუბალანსებელს და ანტირუსულს". მოსკოვი ქვეყნებს მოუწოდებს, არ მისცენ მას ხმა.

"გახდა რა აგრესორი, რუსეთმა დაარღვია გაეროს ქარტია" - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი თქმით, უკრაინაში შეიარაღების გაგზავნა, ავტომატურად ნიშნავს ქარტიის და ყველაფერ იმის დარღვევას, რასაც გაერო წარმოადგენს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ერთადერთი ქმედითუნარიანი ორგანო გენერალური ასამბლეაა. გაეროს უშიშროების საბჭო პრაქტიკულად პარალიზებულია იმის გამო, რომ რუსეთს იქ ვეტოს უფლება აქვს. უშიშროების საბჭოში უკრაინასთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა გაიმართა. მომდევნო განხილვა პარასკევს არის ჩანიშნული, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, მათ შორის - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. დიპლომატები აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი დასწრებას არ აპირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG