ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ომში მყოფ ქვეყანაში - "ამერიკა თქვენ გვერდითაა"


ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი

“იმ ბნელი ღამიდან ერთი წლის შემდეგ კიევი, უკრაინა და დემოკრატია მტკიცედ დგას. ამერიკელები და მსოფლიო კი თქვენ გვერდით არიან“ - ასეთი იყო პრეზიდენტ ბაიდენის უმთავრესი გზავნილი უკრაინელი ხალხისა და მისი ხელისუფლებისადმი კიევში მოულოდნელი ვიზიტისას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავიდა ქვეყანაში, რომელიც თავდასხმის სამიზნეა და რომელშიც არ არის წარმოდგენილი ამერიკის შეიარაღებული ძალები. ვიზიტის გარემოებები და დროულობა არსებითად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ უკრაინის მთავრობაშიც და ვაშინგტონის ექსპერტულ წრეებშიც.

მიხაილო პოდოლიაკი, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უმნიშვნელოვანესი აქცენტები გამოკვეთა. მისი თქმით, ესაა ერთგვარი განულება იმ ტრადიციული გლობალური როლისა, რასაც რუსეთის ფედერაცია ასრულებდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში:

პრეზიდენტი ჩავიდა ქვეყანაში, რომელშიც არის ომი, თავდასხმის ქვეშაა, და რომელშიც არაა განლაგებული შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები. მან არათუ აქცენტი დასვა, არამედ დემონსტრირება მოახდინა იმის, რომ როდესაც სასწორზე ფუნდამენტური ღირებულებები დევს, აშშ-ის პრეზიდენტი მკაფიოდ და სრული მასშტაბით იღებს ყველა რისკს“,
- მიხაილო პოდოლიაკი

„ბატონმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა აქცენტი: როგორია თანამედროვე გლობალური პოლიტიკა, როგორ როლს თამაშობს შეერთებული შტატები, უკრაინა, ევროკავშირი მთლიანად, და როგორ უმნიშვნელო, უფასურ როლს ასრულებს რუსეთის ფედერაცია. ამასთან, ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ზუსტად წლისთავის წინ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია ამჟამინდელი სახით არის უეჭველი საფრთხე გლობალური დემოკრატიული სისტემის, როგორც ასეთის. შესაბამისად, ასეთ საფრთხეს, რადიკალურად უნდა გავუმკლავდეთ", - ამბობს პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას და დასძენს: "ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მკაფიო, მართებული, აბსოლუტურად მნიშვნელოვანი და ომის ამ ეტაპისთვის ძალიან დროული აქცენტები, რომლებიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დასვა კონკრეტულად, თავის დროსა და ადგილას და საქმესთან მიმართებით“.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი განსაკუთრებულ ხაზს უსვამს პრეზიდენტის ვიზიტის დროულობას და იმას, რომ ეს იყო ნიშანი: შეერთებული შტატები იღებს გამოწვევებს, როცა საფრთხე ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავიდა ქვეყანაში, რომელშიც არის ომი, რომელიც თავდასხმის ქვეშაა, და რომელშიც არაა განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები. მან არათუ აქცენტი დასვა, არამედ დემონსტრირება მოახდინა იმის, რომ როდესაც სასწორზე ფუნდამენტური ღირებულებები დევს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მკაფიოდ და სრული მასშტაბით იღებს ყველა რისკს“, - მიიჩნევს მიხაილო პოდოლიაკი.

დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ძალიან ძლიერი გზავნილი იყო უკრაინელი ხალხისა და მთლიანად, ევროპისთვის.

"ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, ისტორიულიც კი. ეს იყო ძალიან ძლიერი სიგნალი ამერიკის მხარდაჭერისა უკრაინის მიმართ. ამან აჩვენა დანარჩენ ევროპასაც, რომ ამერიკა დგას უკრაინის გვერდით. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი შეცვლის თავის ფრაზას „რამდენხანსაც საჭირო იქნება“, ფრაზით: „სანამ უკრაინა გაიმარჯვებს“. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ამერიკის მიზანი. მაგრამ ეს მაინც იყო წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ვიზიტი", - ამბობს კრამერი და განმარტავს, რომ ეს ძალიან რთული ვიზიტი იქნებოდა ნებისმიერი პრეზიდენტისთვის, უსაფრთხოებასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ყველა იმ გამოწვევის თანხლებით, რომლებიც გადაილახა:

"მან აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომ იყოს დედაქალაქ კიევში და აჩვენოს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა”, - ამბობს დევიდ კრამერი "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან საუბრისას.

მეორე მხრივ კი, ანალიტიკოსის აზრით, ეს იყო „ოქროს შესაძლებლობა“ პრეზიდენტ ზელენსკისთვის, საჰაერო რადარების სირენის ხმის ფონზე ეცადა დაერწმუნებინა ამერიკელი კოლეგა, რომ კიევს საბრძოლო თვითმფრინავები და გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემები სჭირდება - იარაღი, რომლის გადაცემაზეც ვაშინგტონი, ამ დრომდე გაწული უპრეცედენტო დახმარების პარალელურადაც, ჯერ კიდევ თავს იკავებს:

„ვიმედოვნებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეძლო დაერწმუნებინა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი იარაღის სისტემების საჭიროებაში, მათ შორის შესაძლოა F-16-ების ან სხვა თვითმფრინავების შესახებ. ამერიკამ ძალიან ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას. კიევს სჭირდება მეტი და სჭირდება უფრო მალე“, - ამბობს კრამერი.

დიდი სიმბოლური მნიშვნელობის ვიზიტად მიიჩნევს ამ ვიზიტს "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" მკვლევარი მეთიუ დროინიც. მისი თქმით, ეს "ძლიერი, სტრატეგიული სიგნალი" იყო. დროინის აზრით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ერთგვარად დაიგვიანა სხვა მსოფლიო ლიდერებთან შედარებით, რომლებიც კიევს გასულ თვეებშიც სტუმრობდნენ.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, კიევში ამერიკის პრეზიდენტის ჩასვლას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აღსანიშნია ვიზიტის დრო - რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავამდე. პრეზიდენტი პუტინი თავდაც აპირებს ერისადმი მიმართვას. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი შეპყრობილია შეერთებული შტატებით, და რა თქმა უნდა მაშინ, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იმედოვნებდა, რომ დასავლეთი დაიღლებოდა [უკრაინის მხარდაჭერით], პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან ცოცხალი და ცალსახა გზავნილი ისაა, რომ სწორედ ამის საწინააღმდეგო რამ მოხდა", - ამბობს მეთიუ დროინი.

პრეზიდენტ ბაიდენის კიევში ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჯონ ჰერბსტიც, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი. თუმცა მისი თქმით, ეს ამერიკის პოლიტიკაში უკრაინის დახმარების მიმართ რადიკალურ ცვლილებას არ გამოხატავს და კარგი იქნებოდა, ამ ვიზიტს მეტი გარდამტეხი მნიშვნელობის განცხადება და გადაწყვეტილება მოჰყოლოდა. სიტყვები კი უკრაინის დახმარების შესახებ „მანამ სანამ ეს საჭირო იქნება“, მისი აზრითაც, უნდა შეცვლილიყო სიტყვებით - „სანამ უკრაინა გაიმარჯვებს“.

ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციამ გასული წლის განმავლობაში ძალიან სათანადოდ განსაზღვრა უკრაინის დახმარებისადმი მიდგომა, ერთგვარი ჩარჩო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს, როგორც სამხედრო, ისე - ეკონომიკურ დახმარებას, რუსეთის სანქცირებას, აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ძალების გაძლიერებას, და ამავე ჩარჩო პოლიტიკით ნატოს ერთიანი მიდგომის გატარებას, მაგრამ მისი აზრით, ამერიკელ ხალხს პრეზიდენტი უკეთ უნდა უხსნიდეს, თუ რამდენად ნათელია მიზანი, და რომ უკრაინის გამარჯვება ერთი მხრივ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სტაბილურ საზღვრებში ყოფნას ნიშნავს, მეორე მხრივ კი, სრულიად ევროპისა და ამერიკის კეთილდღეობისთვისაც მნიშვნელოვანია.

თეთრი სახლისგან კიდევ მეტი და მკაფიოდ უნდა გავიგოთ იმის შესახებ, რომ ესაა საუკეთესო გზა ამერიკის ინტერესების დასაცავად. ეს ნიშნავს უკრაინისთვის იმ ყველაფრის მიცემას, რაც მას სჭირდება არა მხოლოდ მოსკოვის შესაჩერებლად, არამედ რუსების უკრაინიდან განსადევნად“,
- ჯონ ჰერბსტი

„ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლა ნამდვილად ძალიან ძლიერი გზავნილი იყო უკრაინელი ხალხისადმი იმის შესახებ, რომ ამერიკა მას მხარს უჭერს. მაგრამ პუტინის პოლიტიკა ძალიან საშიშია ამერიკული ინტერესებისთვის და ჩვენ ამის თქმა ძალიან მკაფიოდ უნდა შეეგვეძლოს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ავხსნათ, რომ იმას, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, შეუძლია სერიოზულად გამოუთხაროს ძირი ნატოს, ან გახდეს ამის საწინდარი. ამასთან, საფრთხე შეუქმნას ამერიკის უსაფრთხოებას. ასევე ეკონომიკურ სტაბილურობასა და კეთილდღეობას ევროპაში, რაც რა თქმა უნდა არსებითი მნიშვნელობისაა ამერიკის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი და განმარტავს, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გაღებული 50 მილიარდი დოლარი კონტექსტის გარეშე დიდი თანხა ჩანს, მაგრამ ეს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის 6%-იც კი არაა და „ესაა ამერიკის ინტერესების დაცვის ეკონომიური გზა“.

„მაგრამ თეთრი სახლისგან მეტი უნდა გავიგოთ, მკაფიოდ გაცხადებულად იმის შესახებ, რომ ესაა საუკეთესო გზა ამერიკის ინტერესების დასაცავად. რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს უკრაინისთვის იმ ყველაფრის მიცემას, რაც მას სჭირდება არა მხოლოდ მოსკოვის შესაჩერებლად, არამედ მათი [რუსების] უკრაინიდან განსადევნად“, - განმარტავს ჰერბსტი.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენს ოპონენტები მას ამერიკის საზღვრების დაუცველად მიტოვებაში ადანაშაულებენ, შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამოხატვა ახლა, დევიდ კრამერი ამბობს, რომ „დღეს ვერაფერი იქნებოდა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტის ევროპაში, უკრაინაში ჩასვლა და კიევში ასეთი რთული ვიზიტი. "ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება“.

კრამერი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინის მიმართ გარკვეულწილად კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა იმ მიმართულებით, რომ მხარდაჭერა არ იყო საკმარისი მასშტაბის და საკმარისად სწრაფად მიწოდებული.

„მაგრამ მთლიანობაში ადმინისტრაცია ძალიან კარგად ასრულებს საქმეს. ეს ნაწილობრივ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, აჩვენოს მხარდაჭერა უკრაინისადმი, აჩვენოს ამერიკის ლიდერობა გლობალურ არენაზე. ასე რომ, ვფიქრობ, მან აბსოლუტურად მართებული ნაბიჯი გადადგა. ეს უმნიშვნელოვანესი იყო უკრაინელებისთვის და ვფიქრობ გამამხნევებელია ევროპელებისთვისაც მაშინ, როდესაც ისინი განიხილავენ რა პოზიცია და რა მხარდაჭერა გააგრძელონ უკრაინის მიმართ“, - ამბობს დევიდ კრამერი.

რუსეთი უკრაინაზე ახალი იერიშისთვის ემზადება. კონტრშეტევაზე საუბრობს კიევიც. ანალიტიკოსები კი დასავლეთში ამბობენ, რომ ომის ბედი და მიმართულება შესაძლოა სწორედ უახლოეს კვირებში გადაწყდეს - როდესაც გამოჩნდება, რა შეიცვალა ერთი მხრივ მოსკოვისთვის, მობილიზებულ ჯარისკაცთა დიდი რაოდენობით და საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური წნეხით, მეორე მხრივ კი კიევისთვის - დასავლური იარაღისა და ჯავშანტექნიკის, წვრთნებისა და მხარდაჭერის მიღების პარალელურად.

XS
SM
MD
LG