ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიში: კრემლს უკრაინელი ბავშვების "ხელახალი განათლებისთვის" ბანაკები აქვს შექმნილი


აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მოხსენების თანახმად, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, რუსეთს მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვი ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჰყავს გადაყვანილი იმ მიზნით, რომ მათ "ხელახალი პოლიტიკური განათლება" მისცეს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ იელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს, სულ მცირე, 43 ბანაკი და სხვა დაწესებულება, სადაც უკრაინელი ბავშვები იმყოფებიან. ეს „მსხვილმასშტაბიანი სისტემური ქსელის“ ნაწილია, რომელიც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნა.

ბავშვებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც მშობლები, ან მკაფიოდ გამოკვეთილი სხვა მეურვეები ჰყავთ, ასევე ისინი, ვინც რუსეთმა ობლად ჩათვალა. ნაწილი ასევე წაიყვანეს ბავშვთა სახლებიდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, რომლებიც არასრულწლოვნებზე ზრუნავდნენ.

”ჩვენს მიერ გამოვლენილი ბანაკების ძირითადი მიზანი, როგორც ჩანს, ხალახალი პოლიტიკური განათლებაა” - თქვა ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა ნათანიელ რაიმონდმა.

ზოგიერთი ბავშვი რუსეთში გადაიყვანეს და რუს ოჯახებს მიაშვილეს, ან მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, ნათქვამია ანგარიშში.

რუსულ პროგრამაში გამოვლენილ ბავშვთა შორის ყველაზე უმცროსი, ოთხი თვის იყო. მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ზოგიერთ ბანაკში 14 წლის ბავშვებს სამხედრო წვრთნას უტარებენ, თქვა რაიმონდმა. მისივე თქმით, მკვლევრებს ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე, ეს ბავშვები მოგვიანებით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ თუ არა.

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში ანგარიშზე კომანტარი არ გააკეთა. მოსკოვი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებას უარყოფს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG