ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2022 წლის 5 მთავარი ამბავი


„დაე გეცხოვროთ საინტერესო დროში“, - ერთი ვერსიით ჩინური წყევლააა და სწორედ ასეთი იყო 2022 წელი. ის ისტორიას დიდი ცვლილებების წლად დარჩება, როცა ბერლინის კედლის დანგრევისა და ცივი ომის შემდგომი პოლიტიკა, შეხედულებები, მოლოდინები და იმედები ფუნდამენტურად შეირყა. სამი ათწლეულის დასავლური საგარეო პოლიტიკა, ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის მიერ რუსეთის საფრთხის აღქმა და ახალი გამოწვევების რეალობა, თავდაყირა დადგა.

გასულ საუკუნეში, როდესაც ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ ჰაროლდ მაკმილანს ჰკითხეს, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა სახელმწიფო მოღვაწისთვის, მან უპასუხა: „მოვლენები, ჩემო ძვირფასო, მოვლენები“. სწორედ მოვლენებმა მოაქცია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და ყველას ტელეფონის ეკრანზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი და მისი ამერიკელი კოლეგა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

გასული წლის ახალი ამბები უკრაინის ფრონტის განვითარებით, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ თუ ქალთა უფლებების დასაცავად მსოფლიოს გარშემო საპროტესტო გამოსვლებით იყო სავსე. ასევე ხშირი იყო საუბარი ეკონომიკურ პრობლემებსა და საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებზე განვითარებად ქვეყნებში და მათ მიღმა. მსოფლიო ყურადღების ცენტრში წლის ბოლოს, ყატარში გამართული მსოფლიო მოექცა.

გთავაზობთ 2022 წლის 5 მთავარ მოვლენას.

1. ომი უკრაინაში

24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა. 2021 წლის დასასრულს ამერიკული დაზვერვის სამსახურები აცხადებდნენ, რომ მოსკოვი ომს გეგმავდა. თუმცა უკრაინული მხარე ომის შესაძლებლობას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევდა. ბევრი დარჩა გაკვირვებული, როცა თებერვალში მოსკოვმა, მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო უკრაინის „დენაციფიკაციის“ და „დემილიტარიზაციის“ მიზნით.

ბუჩა
ბუჩა

მოსკოვში აცხადებდნენ, რომ კიევს სამ დღეში აიღებდნენ, თუმცა 2022 წლის განმავლობაში, რუსულმა ჯარმა უკრაინის ფრონტზე ბევრი მარცხი განიცადა. მათ შორის იყო კიევის მისადგომებთან მოსკოვის დამარცხება, სამხედრო ფლაგმანი „მასკვას“ ჩაძირვა, ზმეინის კუნძულის უკრაინის მიერ დაბრუნება, ხარკივის და ხერსონის ფრონტებიდან მნიშვნელოვანი უკანდახევა და მხოლოდ მცირედი წინსვლა დონბასის რეგიონში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა მილიონობით ადამიანი აიძულა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და მეზობელ ქვეყნებში ეძებნათ თავშესაფარი. ამ დრომდე, გაეროს ოფიციალური მონაცემებით ომში 7000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი რეალობას ვერ აღწერს. მხოლოდ მარიუპოლში, დაუდასტურებელი ცნობებით ათობით ათას გარდაცვლილზე საუბრობენ. იქ მორგებში 87,000 გადაცვლილია რეგისტრირებული, ხოლო 26,000 მასობრივ სამარხებშია დასაფლავებული.

ქვეყნის დატოვება მოუწიათ ასევე რუს ოპოზიციონერებს, რუსეთში დევნის გამწვავების ფონზე და მათ ვინც, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციისთვის თავის არიდება სურდათ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ქვეყიდან მოსკოვის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გამო გაიქცა.

ამის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებმა გადადგეს ნაბიჯები რუსელ ენერგო-რესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ მის ბრძოლაში მოსკოვის წინააღმდეგ. დახმარების კუთხით წამყვანი შეერთებული შტატებია, რომელმაც გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად.

აღსანიშნავი იყო ასევე რუსეთის ნაბიჯების პასუხად, გასული წლის განმავლობაში, ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილება მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო გაერთიანებამ საქართველოს, სტატუსის მიღებამდე შესასრულებელი პირობები წაუყენა.

2. საპროტესტო გამოსვლები ირანში

სექტემბერში, ირანში საპროტესტო ტალღამ იფეთქა 22 წლის ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ. ამინი თავსაბურავის "არასათანადო" ტარებისთვის დააკავეს და თვითმხილველების თქმით, ის სცემეს. ამინი პატიმრობაში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება ახალგაზრდა ქალის სიკვდილში საკუთარ როლს უარყოფს.

პროტესტი, რომელსაც ძირითადად ქალები ედგნენ სათავეში, მთელ ქვეყანაში გავრცელდა. თეირანმა, აქციებში მონაწილეობის გამო ათობით ათასი ადამიანი დააკავა, დემონსტრაციების დაშლისას, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, მთავრობამ, სულ ცოტა, 320 ადამიანი მოკლა. აქციების ორი მონაწილე სიკვდილითაც კი დასაჯეს, საჯარო ჩამოხრჩობით. აქციებმა უპრეცედენტო საფრთხე შეუქმნა ისლამური რევოლუციის შედეგად, 1978 წელს მოსულ ხელისუფლებას.

3. დაპირისპირების ზრდა ამერიკასა და ჩინეთს შორის

რუსეთის ომმა უკრაინაში განაახლა საუბარი ჩინეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეზე. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეროვნული უშიშროების სტრატეგიაში შეერთებული შტატები აცხადებს, რომ „ჩინეთს აქვს განზრახვა და სულ უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი“. ადმინისტრაცია საუბრობს პეკინის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციაზე, ტაივანის დაშინების მცდელობებზე და ინტელექტუალური საკუთრების გახშირებული მიტაცების შემთხვევებზე. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამან აიძულა შეერთებულმა შტატებმა უარი ეთქვა ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პოლიტიკაზე.

აგვისტოში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტზე ჩინეთის პასუხმა ხაზი გაუსვა თუ რამდენად დაძაბულია ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ჩინეთშიც, კოვიდ-19-ის ნულოვანი პოლიტიკის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ბევრისთვის გასაკვირი ნაბიჯი გადადგა და წლის ბოლოსკენ შეზღუდვები გააუქმა. თუმცა, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ახლა ქვეყანა კოვიდ-19-ის ყველაზე მძიმე ტალღას უმკლავდება.

4. პოლიტიკური ქაოსი ბრიტანეთში

ბრიტანეთში დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალებით ეპოქა დასრულდა. ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქის გარდაცვალება, ბრიტანეთში პოლიტიკურ ქაოსს დაემთხვა. ქვეყანამ სულ რაღაც ორ თვეში სამი პრემიერი გამოიცვალა.

ელიზაბეტ II-ის დაკრძალვა
ელიზაბეტ II-ის დაკრძალვა

სექტემბერში კონსერვატიულმა პარტიამ ბორის ჯონსონი აიძულა თანამდებობიდან გადამდგარიყო. ამის მიზეზი თავად ჯონსონის მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდ-19-ის შეზღუდვების განმეორებითი დარღვევა, მათ შორის, ხალხმრავალი წვეულებების გამართვა იყო. სექტემბერში პარტიამ პრემიერის თანამდებობაზე ლიზ ტრასი აირჩია.

ტრასმა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარება გადაწყვიტა, ისე რომ მის კაბინეტს ბევრი ფაქტორი არ გაუთვალისწინებია. ამ ნაბიჯმა საფონდო ბირჟაზე ქაოსი და ბრიტანული ფუნტის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია. ჩავარდნილი ეკონომიკური გეგმის გამო ტრასმა არჩევიდან 7 კვირაში პრემიერის თანამდებობა დატოვა. ის რიში სუნაკმა ჩაანაცვლა, რომელმაც მისი წინამორბედის ნაბიჯები შეაბრუნა. თუმცა ბრიტანეთი კლავ რთულ მდგომარეობაშია, იქ ინფლაცია 15 პროცენტს აღწევს და ეკონომიკა რეცესიაშია.

5. ინფლაცია

ამ წლის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, მსოფლიოში ინფლაცია მკვეთრი ზრდაა. მსგავსი ინფლაცია მსოფლიოს ოთხი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს. მიზეზი, როგორც კოვიდ-19-ს დროს მთავრობების ხელგაშლილი ხარჯვა, ასევე უკრაინაში რუსეთის ომია. შედეგად, შეერთებულ შტატებში ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ინფლაცია იყო ერთ-ერთი საკითხი ასევე, ნოემბრში, შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე, რომლის შედეგებიც დემოკრატიული პარტიისთვის პოზიტიური სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ დაკარგეს კონტროლი წარმომადგენლთა პალატაზე, თუმცა შეინარჩუნეს მცირედი უპირატესობა სენატში, რაც არსებულ პროგნოზებთან შედარებით დიდი გამარჯვება იყო. ხოლო რესპუბლიკელმა ამომრჩეველმა უარი უთხრა დონალდ ტრამპის მხარდაჭერილ კანდიდატებს, რაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გავლენა პარტიაზე სუსტდება.

სტატიაში გამოყენებულია სააგენტო როიტერის და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მასალები.

XS
SM
MD
LG