ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინამ "დღევანდელი რეალობა" უნდა მიიღოს


ოთხშაბათს კრემლმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების წინადადებები უნდა ითვალისწინებდეს "დღევანდელ რეალობას", რაშიც იგულისხმება მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის მის ტერიტორიად გამოცხადებაც.

"არ შეიძლება იყოს სამშვიდობო გეგმა უკრაინაში, რომელიც არ ითვალისწინებს დღევანდელ რეალობას ოთხი რეგიონის რუსეთში შესვლით. გეგმები, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ რეალობას, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი", - თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

სექტემბერში რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონები თავის ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადა. უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს ომის ფონზე გამართული ყალბი რეფერენდუმი. რუსეთი ამ ოთხი რეგიონიდან სრულად არცერთს არ აკონტროლებს.

პრეზიდენტი ზელენსკი თავის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე აქტიურად საუბრობს, რომელიც მან პირველად ნოემბერში გამოაქვეყნა და მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, მასზე დაყრდნობით გლობალური სამშვიდობო სამიტი გამართონ.

გეგმა ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა დათმოს როგორც ოთხი რეგიონი, რომლის ანექსიაც წელს გამოაცხადა, ასევე ყირიმი, რომელიც მან 2014 წელს დაიკავა.

XS
SM
MD
LG