ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის პორტის" 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 12 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს პორტის 51 პროცენტიანი წილი ექნება.

"ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე ისაუბრა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" და მას ე.წ. ინვესტორი უწოდა, რომელსაც "ანაკლიის პორტი" უნდა აეშენებინა. მისი თქმით, ბიზნესმენებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, რომლებიც ახლა პარტია "ლელოს" ლიდერები არიან, მხოლოდ 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, თუმცა ინვესტორებისგან მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.

"მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდეს ეს პროექტი და ვერ განახორციელეს, გადაწყვიტეს, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. უჩივლეს და არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1,5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?!

ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება", - თქვა მან.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG