ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაციის ქრონიკები


შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე ცხინვალის ციხიდან განთავისუფლებულ მალხაზ ტიელიძესთან და ვლადიმერ ჯოხაძესთან ერთად
შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე ცხინვალის ციხიდან განთავისუფლებულ მალხაზ ტიელიძესთან და ვლადიმერ ჯოხაძესთან ერთად

ადამიანთა გატაცებების სერიები გრძელდება რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ორივე მიმართულებით, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მხარეს.

ადამიანთა გატაცების უკანასკნელი, ცნობილი შემთხვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

გალის მცხოვრები, რომელიც 4 ნოემბერს დააკავეს, ბრალდებულია ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის საქმეში. აფხაზური მედია-საშუალებები დაკავებულის არა მხოლოდ სახელსა და გვარს ასაჯაროებენ, არამედ მის ფოტოსაც. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ დაკავებულ 29 წლის ქალს, ნარკოტიკულ საშულებებთან ერთად, აღმოაჩნდა საქართველოს დროშა და ეგრეთ წოდებული შევრონი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, ა.თ. მუდმივად ცხოვრობს გალში. ინციდენტის თაობაზე უსაფრთხოების სამსახურმა საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი დღის წინაც გაავრცელა ინფორმაცია, აფხაზეთის მიმართულებით კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის თაობაზე. განცხადებაში ნათქვამი იყო იმის თაობაზე, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. დაკავებულის თაობაზე ჯერ არანაირი პოზიტიური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცხინვალის მხრიდან ოკუპანტების ტყვეობიდან განთავისუფლებული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები სამი მოქალაქე, რომლებიც ოკუპანტებმა 1 ნოემბერს დააკავეს, განთავისუფლებულები არიან. მათგან ერთი, არასრულწლოვანი გახლდათ.

შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე და ცხინვალის ციხიდან განთავისუფლებული გიორგი ქუჯოშვილი.
შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე და ცხინვალის ციხიდან განთავისუფლებული გიორგი ქუჯოშვილი.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ცხინვალის ციხიდან განთავისუფლებული თამაზ ტიელიძე აცხადებს, რომ მეჯვრისხევთან, წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც რუსმა ჯარისკაცებმა ისინი ალყაში მოაქციეს და დაატყვევეს - „რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა გარშემო შემოგვიარა და აგვიყვანეს. პატარა დაკითხვა ჩაგვიატარეს. გვკითხეს, იქ რა გვინდოდა და საზღვარი რატომ გადმოკვეთეთო. შემდეგ წამოგვიყვანეს ერგნეთისკენ, სადაც ჩვენები დაგვხვდნენ და წამოგვიყვანეს. მადლობლები ვართ.“

მასთან ერთად დაკავებული ვლადიმერ ჯოხაძეც ანალოგიურს აცხადებს. ის ადასტურებს, რომ სალოცავში იმყოფებოდნენ, საიდანაც რუსმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს.

„პირველ ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდა საკუთარ ოჯახებში. აღნიშნული შესაძლებელი გახდა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ყველა არსებული მექანიზმების გამოყენებით, გაწეული აქტიური ძალისხმევის შედეგად. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა ოკუპირებულ ტერიროტიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდეს ოჯახს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს.

არასრულწლოვანი, ვინც რუსმა მესაზღვრეებმა ასევე დააკავეს, ამბობს, რომ სალოცავთან ყოფნასას რუსი ჯარისკაცები მოულოდნელად მიეპარნენ. „ჩვენ ვერც დავინახეთ, ისე მოგვეპარნენ, ძაღლებით იყვნენ. ჩვენ ხელები ავწიეთ. მათ წაგვიყვანეს, დაგვკითხეს“,- არასრულწლოვანმა, რომელიც პატიმრობიდან ერთი დღით ადრე გამოვიდა, განაცხადა, რომ მასთან ერთად დაკავებული ადამიანები ჯანმრთელად იყვნენ.

თამაზ გლურჯიძე რუსმა მესაზღვრეებმა 19 ოქტომბერს, ბერშუეთთან დააკავეს. 20 ოქტომბერს მისი განთავისუფლება მოხერხდა. „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი ინფორმაციით, ბერშუეთში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე იყო დაკავების მსხვერპლი, რომელიც სამი დღის შემდეგ გამოვიდა საპატიმროდან.

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია, რაც მედიას აქვს, სავარაუდოდ, დაუზუსტებელია. ცნობილია ის, რომ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება მამუკა ჩხიკვაძე, ქართველი სამხედრო. სავარაუდოა, რომ მასთან ერთად უნდა იყოს კიდევ სამი ქართველი ტყვე.

ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა არაა თანხვედრაში საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ წარმოდგენილ ციფრებთან. დე-ფაქტო სამსახური, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 334 კანონდარღვევა გამოავლინეს.

რაც შეეხება დაკავებებს აფხაზურ მხარეს დაკავებულებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა, რომელსაც ბრალად ედება აფხაზური დროშის დაწვა. 2022 წლის 24 ივლისს დაკავებული ქრისტინე თაკალანძე. მას, „ჯაშუშობა“ ბრალდება, რადგან სახლში ქართულად დაწერილი ქაღალდი უპოვეს. მოღალატეების ამ ჯგუფს კიდევ ერთი ქალი მიემატა 4 ნოემბერს, რომელსაც საქართველოს დროშა აღმოუჩინეს.

ოქტომბრის ბორდერიზაცია

უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასტურდება ბორდერიზაციის ახალი შემთხვევები ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმართულებით.

7 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან დამატებით მავთულხლართები და ლითონის ბოძები დაამონტაჟს. „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას,“- ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

1 ოქტომბერს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

30 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები წამოიწყეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე,“- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში, რომელიც კნოლევის შეღობვას ეხება.

უკანასკნელი ცნობები სოხუმიდან და ცხინვალიდან

აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა და აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდა. ლაშა აშუბა დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ მოხარულები არიან ბელარუსებთან ურთიერთობების დაახლოვებით. „პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტის გამო ჩვენ ძალიან გახარებულები ვიყავით. ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობის, რაც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა. ამით ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს, არამედ სანქციებსაც“,- განაცხადა ლაშა აშუბამ. სოხუმში იმედს ამყარებენ ბელარუსზე, როგორც პარტნიორზე, რომელიც დაეხმარება იმპორტის გაზრდასა და ტურიზმის განვითარება. დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსი ტურისტები დაინტერესებული არიან იმ კურორტებით, რის შეთავაზებაც აფხაზეთს შეუძლია.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კი სამხედრო მოსამსახურეების სულიერი და ზნეობრივი განვითარება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები, სწრაფი რეაგირების ძალებიდან მოინახულებენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებს. ასეთი ვიზიტი უკვე განხორციელდა ზნაურის (თიღვის) თემის სოფლებში. ჯარისკაცები ამით კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. მათ უკვე მოინახულეს მეთორმეტე საუკუნის ეკლესია ოკუპირებულ თიღვაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ძალები ათვალიერებენ ეკლესიას ოკუპირებულ თიღვაში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ძალები ათვალიერებენ ეკლესიას ოკუპირებულ თიღვაში

დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამგვარი ვიზიტები გაგრძელდება მომავალშიც.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის სააგენტო აცხადებს ასევე იმის შესახებ, რომ სოფელ კვაისაში მოსახლეობამ „კვაისას დღის აღნიშვნისთვის“ გამოყოფილი თანხა სხვა მიმართულებით გადაამისამართა. მათ უკრაინის წინააღმდეგ ომში წასული მებრძოლებისთვის დრონის ყიდვა გადაწყვიტეს. თანხა მოგროვდა იმდენი, რამდენიც საკმარისი აღმოჩნდა DJI Mavic 3 -ს საყიდად. ფრონტის ხაზზე დრონის წამღები ორი ადამიანის ვინაობაც უკვე გარკვეულია.

ოკუპირებული სოფელ კვაისას მცხოვრებლები, ვინც დრონი DJI Mavic 3 უყიდეს ოს მებრძოლებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად.
ოკუპირებული სოფელ კვაისას მცხოვრებლები, ვინც დრონი DJI Mavic 3 უყიდეს ოს მებრძოლებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად.

XS
SM
MD
LG