ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის 27 ქვეყანა გმობს უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას


ევროკავშირის 27 ქვეყანა სპეციალურ განცხადებაში მტკიცედ უარყოფს და გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის განზრახ ძირის გამოთხრით, უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების, ისევე როგორც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეშად დარღვევით რუსეთი გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკანონო “რეფერენდუმს”, რომელიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის საბაბად და არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს ვცნობთ. არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეუძლიათ რაიმე იურიდიული შედეგის მოტანა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, ერთმნიშვნელოვნად უარყონ ეს უკანონო ანექსია”, - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

დღეს, ვლადიმირ პუტინმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსირებას ხელი მოაწერა. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებზე, რომელიც დღეს მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა.

პარალელურად, მოსკოვი ამბობს, რომ თუ რომელიმე მათგანზე თავდასხმა მოხდება, ეს იქნება თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე. პუტინმა კი თქვა, რომ რუსეთი „მათ არ უღალატებს“. „მათ არჩევანი გააკეთეს და რუსეთი მათ არ უღალატებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია,“- თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG