ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენება დაიწყო


მოსკოვმა ირანული საბრძოლო დრონების გამოყენებით ოდესის რეგიონზე თავდასხმები გააძლიერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ. საკითხის განსახილველად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა უკრაინის უშიშროების უწყების წარმომადგენლებს.

„შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მტრის მიერ ახალი ტიპის იარაღის გამოყენების საკითხზე და მსგავსი საშუალებების დასაძლევად, გეგმები დასახეს“ - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის სპიკერის, სერხი ბრაჩუკის თქმით, ირანული უპილოტო საფრენი აპარატით - „Shahed-136”, რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რეგიონში იერიში, სულ მცირე, ხუთ სამიზნეზე განახორციელა.

„მტერი რაკეტების დაზოგვას ცდილობს. ეს შაჰედები გაცილებით იაფია, მათი გამოყენება უფრო ხშირად არის შესაძლებელი და ვხედავთ, რომ ერთი თავდასხმისთვის, მტერს ერთდროულიად რამდენიმე კამიკაძე დრონის გაშვება შეუძლია“ - აცხადებს ბრაჩუკი.

პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ პარასკევს დაგმო რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენება. ამ ფონზე კიევმა ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა.

ირანი რუსეთისთვის უპილოტი საფრენი აპარატების მიყიდვას უარყოფს და აცხადებს, რომ კიევის გადაწყვეტილებას, „პროპორციული ქმედებებით“ უპასუხებს.

სამხრეთ უკრაინაში სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ოდესისა და პივდენიის პორტებთან, ზღვის თავზე, რამდენიმე „შაჰედ-136“ ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ პირველად უკრაინაში, კიდევ უფრო დიდი ზომის ირანული დრონი „მოჰაჯერ-6“ ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG