ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა რუსული გაზის შემცირებულ მოხმარებაზე შეთანხმდა


ევროკავშირის ქვეყნებმა დღეს საგანგებო გეგმა დაამტკიცეს, რომელიც ბუნებრივი აირის შეზღუდულ მოხმარებას ითვალისწინებს. კომპრომისულ გეგმაზე შეთანხმება რუსეთიდან გაზის შეფერხებებით და შემცირებული მოცულობით მიწოდების ფონზე მოხდა.

ევროკავშირის ენერგორესურსების მინისტრები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც თითოეული ქვეყნის მხრიდან გაზის გამოყენებას საშუალოდ 15%-ით ამცირებს. შეზღუდვა ეხება 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე პერიოდს. თუმცა, დაშვებულია მთელი რიგი გამონაკლისები ზოგიერთი ქვეყნისთვის, ან ინდუსტრიისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის რამდენიმე წევრმა უარი თქვა შეზღუდვის ყველასთვის ერთდროულად და თანაბრად დაწესებაზე.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰებეკი ამბობს, რომ ეს შეთანხმება აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომ ევროპა მოსკოვის პირისპირ ერთიანია. "თქვენ ჩვენს დანაწევრებას ვერ შეძლებთ" - თქვა ჰებეკმა. ევროკავშირის ორი ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

ხვალიდან ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი კიდევ უფრო მცირდება. სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი "გაზპრომი" აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენით "ჩრდილოეთის ნაკადი-1" შეიზღუდება და მისი მოცულობა მეხუთედზე დავა.

ისედაც ლიმიტირებული იმპორტის ფონზე, ბრიუსელი ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეავსონ გაზის მარაგი. ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, ზამთარში მოსკოვმა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთოდ შეწყვიტოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG