ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩი რუსეთში: "მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს უკრაინის ძალა"


ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა - აგრესიის მასობრივი აქტი - სამშაბათს ვაშინგტონში გამართული აშშ-ის გლობალური მისიების ხელმძღვანელთა შეკრების უმთავრესი განსახილველი საკითხი იყო.

"ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან საუბრისას სალივანმა თქვა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია პრობლემის მასშტაბის გააზრება და იმის გაგება, რა ჩაიდინა რუსეთის მთავრობამ მისი ნაბიჯებით. "თითქმის 15 მილიონი ადამიანი ან ლტოლვილად იქცა, ან უკრიანაშივე იძულებით დატოვა საცხოვრებელი გარემო. ჩვენ გვესმის მსხვერპლთა შესახებ სტატისტიკაც - ათასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანი - მამაკაცები, ქალები და ბავშვები მოკლედ, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა", - ამბობს სალივანი და განმარტავს, რომ ეს უმზიმესი ტვირთია, როგორც უკრაინის, ისე მისი მეზობელი ქვეყნებისთვის

სალივანის განცხადებით, ამერიკა და უკრაინის სხვა პარტნიორები ჰუმანიტარულ და სხვა ტიპის დახმარებას უწყვეტად აწვდიან როგორც ომში მყოფ ქვეყანას, ისე მის მეზობლებს-პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს და ბულგარეთს, რომლებმაც ლტოლვილთა დიდი ნაკადები მიიღეს.

"ამ ომის დაწყება კი ერთი მთავრობის, უფრო კი ერთი ადამიანის - პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა", - ამბობს სალივანი.

ელჩის განმარტებით, გასაოცარია იმის დანახვა, როგორ "თავდაყირა დადგა" მსოფლიო რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ და ვაშინგტნში შეკრებილი ელჩების მთავარი გზავნილიც სწორედ ისაა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის და პასუხობს ამ მასობრივ აგრესიას ევროპის კონტინენტზე.

"მთელი მსოფლიო პასუხობს ამ აგრესიულ ომს ევროპის კონტინენტზე, რომელიც მოიცავს საარტილერიო დაბომბვებს, სარაკეტო იერიშებს ევროპის უძველეს ქალაქებზე. ხდება ის, რაც გვეგონა, რომ მეოცე საუკუნეში მოვიტოვეთ. კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს. ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობამ და რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ დაიწყებდნენ აგრესიულ ომს და ეცდებოდნენ დამოუკიდებელი, სუვერენული, გაეროს წევრი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას", - ამბობს ელჩი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად სჯერა მას უკრაინის გამარჯვების რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 4 თვის შემდეგ, სალივანი ამბობს, რომ ის არ არის სამხედრო ექსპერტი, მაგრამ ის, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა მთავრობამ გააკეთეს ამ აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, გასაოცარია.

"ვფიქრობ რუსეთის მთავრობა არ ელოდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ასე მტკიცედ იდგებოდა და წინააღმდეგობას გაუწევდა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი კიევში დარჩებოდა მაშინაც კი, როცა ბელარუსიდან რუსული ჯარი სამხრეთით სწორედ მის ხელში ჩასაგდებად მოემართებოდა. ეს სიმამაცე იყო. ეს შთამაგონებელია, დარწმუნებული ვარ, ეს მოტივაციის მიმცემი იყო მისი თანამოქალქეებისთვის, რომლებსაც სჯერათ საკუთარი ქვეყნის, იბრძვან ამ ქვეყნისთვის და დანებებას არ აპირებენ. რუსული მედია ბევრს საუბრობს რუსეთის ძლიერებაზე, მაგრამ მათ საკმარისად ვერ შეაფასეს უკრაინის ძლიერება". - ამბობს ჯონ სალივანი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG