ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლის ახალი სამაშველო ძალისხმევის ფონზე, უკრაინა კიევზე თავდასხმას აკრიტიკებს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს დაამციროს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმით, რომ კიევი მაშინ დაბომბა, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში იმყოფებოდა.

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ჯარებს და ქვეყნის სამხრეთით თუ აღმოსავლეთით მათ დაწინაურებას აფერხებენ. პარალელურად კი გრძელდება მარიუპოლიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოყვანის მცდელობა. ქალაქი 2-თვიანი ალყისა და აქტიური დაბომბვების შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა დაბომბვის სამიზნედ ამოიღო სხვადასხვა ადგილები მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. მათ შორის იყო დედაქალაქი კიევიც. რუსმა სამხედროებმა კიევში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. სხვებთან ერთად, ამ შენობაში ცხოვრობდა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ვირა ჰირიჩი, რომელიც გარდაიცვალა. მისი ცხედარი ნანგრევებში იპოვეს.

უკრაინის გადაუდებელი და საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, დაშავებულია 10 ადამიანი. მათგან მინიმუმ ერთმა ფეხი დაკარგა.

იმავე იერიშზე აშკარა მითითებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გაანადგურეს "საწარმოო შენობები" კიევში, "არტემის" თავდაცვის ქარხანაში.

კიევის დაბომბვამდე ერთ საათით ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად, პრეს-კონფერენცია ჩაატარა. გუტერეშმა დაგმო უკრაინაში მიმდინარე ომი და მოსახლეობაზე თავდასხმა.

"ეს ძალიან ბევრს ამბობს რუსეთის დამოკიდებულებაზე გლობალური ინსტიტუტებისადმი, მის მცდელობაზე, რომ დაამციროს გაერო და ყველაფერი, რასაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოითხოვს "საპასუხო, ძლიერ ქმედებას".

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ქალაქის გუშინდელ დაბომბვაზე საუბრისას თქვა, რომ ამ ქმედებით, ვლადიმირ პუტინმა, გუტერეშს "შუა თითი უჩვენა".

სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის ყველაზე მძიმე შეტევა იყო კიევზე მას შემდეგ, რაც მოსკოვის ძალებმა რამდენიმე კვირის წინ უკან დაიხიეს და აქცენტი ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე გადაიტანეს.

XS
SM
MD
LG