ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანელთა ნაწილი რუსულ გაზზე უარს ამბობს


მიუხედავად იმისა, რომ გერმანია რუსული გაზის იმპორტს აგრძელებს, გერმანელთა ნაწილი თავად ამბობს უარს რუსულ გაზზე. ერთ-ერთი ასეთი სებასტიან ზუეგერია, რომელიც ოჯახთან ერთად კიოლნში ცხოვრობს.

სებასტიანი ყვება, რომ მან და მისმა მეუღლემ, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსული ინტერვენცია განახლდა, გადაწყვიტეს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირონ. ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ გაზის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

პატარა კერძების მოსამზადებლად, ყავისა და ჩაის წყლის ასადუღებლად მათ ელექტროქურის გამოყენება დაიწყეს, რომელიც სპეციალურად შეიძინეს.

„გარდა იმისა, რომ უფრო ცოტა გაზსს ვიყენებთ, ყავა გაცილებით უფრო სწრაფად მზადდება,“- ამბობს სებასტიანი. თუმცა აქვე ამბობს, რომ დიდი კერძების მომზადებისთვის გაზის გამოყენებაც სჭირდება.

გათბობაც და წყლის გამაცხელებელიც გაზზე მუშაობს. სებასტიანი ამბობს, რომ ამ მხრივ ჯერ ვერაფერი ახალი ვერ მოიფიქრა გარდა ერთისა... „აბაზანის მიღება გვიყვარს, წყლის გამაცხელებელი კი გაზზე მუშაობს. ერთადერთი გზა, რომ სრულად შევწყვიტოთ გაზის მოხმარება, ბანაობაზე უარია,“- ამბობს ის სიცილით.

კიოლნში რუსულ გაზზე დამოკიდებულებას სხვებიც ამცირებენ. ერთ-ერთი ასეთი პაოლო ალიმონტაა. ის ამბობს, რომ ზეწოლა დიდია და მთავრობას მოუწევს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები დააჩქაროს.

„მუდმივად ამაზე იყო საუბარი, პოლიტიკური პარტიები ამის შესახებ დებატებს მართავდნენ. ახლა ზეწოლა ძალიან დიდია და სავარაუდოდ მთავრობას მოუწევს სწრაფად დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღება და ბუნებრივი აირის ჩანაცვლება,“- ამბობს ალიმონტა.

ალიმონტა ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ისინი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას ცდილობენ. ალიმონტა ამბობს, რომ ის ამით ძალიან ბედნიერია.

„თუ მთავრობას შეუძლია 9 მილიარდი ევრო ლუფთანზას გადასარჩენად გამოყოს, მაშინ მას შეუძლია ამ მიმართულებითაც გადადგას ქმედითი ნაბიჯები,“- ამბობს ის.

კიოლნის მსგავსად როგორც „როიტერთან“ საუბრისას გერმანელები ამბობენ, მსგავსი ვითარებაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ახლა ქვეყანაში მთავარი საკითხი რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლებაა. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობაში კი პოლიტიკური დებატები გრძელდება. გერმანელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შანსია ქვეყანაში განახლებადი ენერგიების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ გერმანია მკვეთრი რეცესიის წინაშე აღმოჩნდება, თუ ქვეყანა, რუსული გაზის იმპორტს შეწყვეტს.

მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა ინტერვენცია განაახლა, გერმანია ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მკაცრი ნაბიჯები გადადგა. ბერლინმა გააჩერა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენი, რომელიც წლების განმავლობაში იყო გერმანიასა და ამერიკას შორის მთავარი უთანხმოების საკითხი. ვაშინგტონში ფიქრობდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნიდა ევროპის უსაფრთხოებას.

ევროპაში, რუსულ გაზზე დამოკიდებული მხოლოდ გერმანია არ არის. ევროპულ ქვეყნებში გაზის იმპორტის 48.4 % რუსეთიდან ხდება, 18 პროცენტი ნორვეგიიდან, 13.2 ალჟირიდან, 5.8 პროცენტი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

როგორ ნაწილდება იმპორტი პროცენტებში?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსული ნავთობის ამერიკაში იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება, 8 მარტს მიიღო. ამერიკაში რუსული ნავთობის წილი 8 პროცენტს შეადგენს.

ნავთობისა და გაზის აკრძალვას არ შეუერთდა ევროპა, ევროკავშირი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს, 2030 წლისთვის კი სრულად შეწყვეტს იმპორტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG