ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს მთელი თემის ცემაა“ - შშმ მოზარდის ცემის გამო, პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ


შშმ არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელები
შშმ არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორებს ნუკრი ბაქრაძესა და კახაბერ ბაკაშვილს პატიმრობა შეეფარდათ. 23 იანვარს, თბილისში, ისნის მეტროში, პატრულმა ბაქრაძემ არასრულწლოვან შშმ ბიჭს სცემა, პატრულმა ბაკაშვილმა კი ეს დანაშაული დაფარა. შშმ ბიჭის ცემის ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, ამის მიუხედავად, ორივე დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

პოლიციელების მიერ შშმ მოზარდის ცემა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

„გინდა ავალაპარაკო“ - ცინიკურად იძახის პოლიციელი ვიდეოში, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის თანმხლები პირები მას რამდენჯერმე უმეორებენ, რომ იგი შშმ პირია და პოლიციელის საუბარი არ ესმის. ამის შემდეგ, პოლიციელი ბიჭს რამდენჯერმე თავში უტყამს და აგინებს.

ვფიქრობ, ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ჩვენი თემის თითოეული წევრის ცემა, სწორედ ასე აღიქვა თემმა ეს საშინელი ფაქტი“
მაია მეტონიძე, საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯომარის მოადგილე

“ვფიქრობ, ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ჩვენი თემის თითოეული წევრის ცემა, სწორედ ასე აღიქვა თემმა ეს საშინელი ფაქტი“ - ამბობს საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯომარის მოადგილე მაია მეტონიძე. „წარმოიდგინეთ რა დღეში არიან ის ოჯახები, სადაც ასეთი შეზღუდვის ბავშვები და მოზარდები ჰყავთ, ვფიქრობ რეაგირება ამ დანაშაულზე უმკაცრესი უნდა იყოს“ - მიაჩნია მაია მეტონიძეს.

პროკურატურის განცხადებით, ყველა ფაქტით დასტურდება, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ სწორედ ბრალდებული პოლიციელები მუშაობდნენ, თუმცა ბაქრაძე და ბაკაშვილი ირწმუნებიან, რომ გადაღებულ ვიდეომასალაზე „ისინი არ არიან“. დაცვის მხარის ასეთი სტრატეგიის გამო, პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

"პოლიციის მუნდირიც ვერ გახდა ბრალდებულების ქცევის შემაკავებელი გარანტი, ამ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება მათი ქცევის მაკონტროლებელი" - აღნიშნა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.

პატრულ-ინსპექტორ ბაქრაძის ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაოს სახით 20 ათასს, ხოლო პატრულ-ინსპექტორ ბაკაშვილის ადვოკატი 10 ათასს ლარს ითხოვდა. ბაკაშვილის ადვოკატმა, მოსამართლეს მოუწოდა არ გამოეყენებინა აღკვეთი ღონისძიება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში 23 წელი მუშაობდა და აქამდე გადაცდომა არ ჰქონია.

სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
მიხეილ ჯინჯოლია, მოსამართლე

"მხოლოდ მიმალვის საფრთხეზე არ აკეთებს სასამართლო აქცენტს. არსებობს ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები,"- განაცხადა საპასუხოდ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ. მისი თქმით, „ჩადენილია განზრახ დანაშაული, ორივე ბრალდებული არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და როგორც საქმის მასალებით იკვეთება, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - თქვა მოსამართლემ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორ ბაქრაძეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) მუხლით, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება; პატრულ-ინსპექტორ ბაკაშვილს-ჯარიმა ან შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე. ორივე პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

XS
SM
MD
LG