ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემას სთხოვენ


„საერთაშორისო ამნისტიამ“ და „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ყაზახეთის ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდეს პატივი სცეს ადამიანის უფლებებს იმ ათასობით დაკავებულის მიმართ, რომლებიც ალმა-ათაში ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ აიყვანეს.

ყაზახეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში თითქმის 10 ათასი ადამიანი დააპატიმრეს პროტესტების შემდეგ, რაც თხევად ბუნებრივ გაზზე ფასის მკვეთრ გაზრდას მოჰყვა.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ 13 იანვარს გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ „ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის დროს, ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტად არ აქცია და სასწრაფოდ უნდა გააუქმოს გაუფრთხილებლად სასიკვდილო სროლის ნებისმიერი ბრძანება და დაკავებული პირების უფლებები დაიცვას.“

ერთი დღით ადრე, „საერთაშორისო ამნისტიამ“ მოითხოვა, რომ ყაზახეთმა დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც შუა აზიის ნავთობით მდიდარ ამ ქვეყანაში უმაგალითო პროტესტების დროს და მის შემდეგ დააკავეს.

„საერთაშორისო ამნისტიამ“ ასევე განაცხადა, რომ ყველა პირი, რომელსაც საერთაშორისოდ აღიარებული კრიმინალური დანაშაული არ ჩაუდენია და თვითნებურად, საჯარო შეკრებების შესახებ ყაზახეთის საკამათო კანონის დარღვევისთვის დააკავეს, ასევე დაუყოვნებლად უნდა გათავისუფლდეს.

არეულობის დროს მოკლული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა ყაზახეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმ მოვლენების დროს, სულ ცოტა 18 სამართალდამცავი მოკლეს.

XS
SM
MD
LG