ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ


წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი და კონგრესის უკრაინის ჯგუფის თანათავმჯდომარე მერსი კაპტური რუსული მილსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ისინი გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოდ პროექტის განმახორციელებლის მიერ ახალი კომპანიის შექმნას და გერმანიის მარეგულირებლის მიერ მილსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას ეხმაურებიან.

კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების თაობაზე საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების ავტორებიც კი იყვნენ. პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ამ ახალი სანქციების გათვალისწინებით სექტემბერში დაამტკიცა და ახლა ის დამტკიცების პროცესს სენატში გაივლის.

"კრემლის მიერ მართული "Nord Stream 2 AG"-ის მცდელობა, რომ ზედაპირული რესტრუქტურიზაცია მოახდინოს და ევროკავშირის რეგულაციები ამით თავიდან აიცილოს, ვერავის გაასულელებს და მოატყუებს. რუსეთის მავნე გავლენა ამ მილსადენის პროექტზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს და არა მხოლოდ გადაიდოს. განგრძობითი საფრთხე კიევისა და ჩვენი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არ უნდა იყოს შეწყნარებული, კონკრეტულად კი რუსული შეიარაღებისა და სამხედრო პერსონალის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან", - ვკითხულობთ კონგრესმენების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მილსადენის ოპერაციონალიზაციას ხელს შეუშლის და კრემლის მიერ ევროპის ენერგო ბაზრებზე კონტროლს შეამსუბუქებს. ევროპა კი კრემლის მიერ წარმოებული გაზის კრიზისის წინაშეა. "ახლა სასწორზე ჩვენი ტრანსატლანტიკური მოკავშირეების უსაფრთხოება დევს და სენატს აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედოს", - წერენ კონგრესმენები.

სამშაბათს გერმანიაში მარეგულირებელმა უწყებამ ​განაცხადა, მან რომ შეაჩერა მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სერტიფიცირების პროცედურა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული სახელმწიფო კომპანიის, "გაზპრომის" პროექტია და ის ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიას რუსულ გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შედგება ორი პარალელური გაზსადენისგან, რომელიც 1 230 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის რუსეთის არქტიკულ ბუნებრივ აირს გერმანიაში ჩაიტანს, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით. ეს კიევს სატრანზიტო შემოსავლების სახით, სულ ცოტა, 2 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. მილსადენს აქვს შესაძლებლობა გერმანიას წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ეს უკრაინაზე გამავალ დღევანდელ ტრანზიტს სრულად აანაზღაურებს და ჩაანაცვლებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა წლის დასაწყისში დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით ის არ ფუნქციონირებს. ამ პროექტს შეერთებული შტატები და უკრაინა წლებია ეწინააღმდეგებიან. ევროპაში გაზის მიწოდების შეზღუდვასთან ერთად, პროექტისკენ კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა მიმართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG