ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოვიდ-19-ით დღიურად რეკორდულად ბევრი ადამიანი იღუპება


რუსეთში კოვიდ-19-ით კვლავ რეკორდულად ბევრი ადამიანი იღუპება. ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის გართულებებით 852 ადამიანი გარდაიცვალა. აქამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 24 სექტემბერს დაფიქსირებული 828 იყო. ამ ახალი მაჩვენებლებით, რუსეთში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გარდაცვლილია - 205 531 ადამიანი.


რუსეთი ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობით - 7 მილიონზე მეტი პაციენტით - მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. გასული თვიდან ინფიცირებულთა რაოდენობა დელტა ვარიანტის გავრცელებასა და ვაქცინაციის შენელებასთან ერთად, სწრადად იზრდება. მოსკოვის მერის მოადგილე ანასტასია რაკოვა ამბობს, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა უმრავლესობა დელტა ვარიანტითაა დაავადებული.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვაქცინის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და აცრის გაკეთებას არ აპირებს. ვებგვერდ "გოგოვის" ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 28 %-ია სრულად აცრილი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინები დეკემბრიდანაა ხელმისაწვდომი, ხელისუფლებას თავდაპირველად დაწესებული გეგმის შეცვლაც მოუხდა, რომლითაც სექტემბრის ბოლოსთვის მოსახლეობის 60 % სრულად უნდა ყოფილიყო აცრილი.

XS
SM
MD
LG