ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას": ეს არ უწყობს ხელს საქართველოს მისწრაფებებს


„ეს არ უწყობს ხეწლს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, - ასე აფასებენ, „ამერიკის ხმასთან“ ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო უარს აცხადებს ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარების მიღებაზე.

„საქართველოს მთავრობის და მმართველი ქართული ოცნების პარტიის ეს გადაწვეტილება დასანანია. მოვუწოდებთ მათ ვინც ამაზე პასუხისმგებელია შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. ეს შეეხება მთლიანად საქართველოს ევროპული ორიენტაციის სანდოობას და მისი ახლანდელი მმართველი პარტიის სანდოობას. მე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს "ქართულ ოცნებაში", მათ, ვინც ევროპულად მოაზროვნეა, ჩაატარონ შიდა განხილვა და არ დაუშვან პრემიერის ასეთი ერთპიროვნული ქმედება. ეს ხელს არ უწობს საქართველოს მისწრაფებებს და საქართველოს მომავალს. ერთ-ერთ ვისაც ეს ახარებს, კრემლში მჯდომი ჯენტლმენია“, - ამბობს მაიკლ გალერი, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრი.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ პატივს სცემს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა დასძენს რომ საქართველომ დახმარების მისაღებად პირობები ვერ შეასრულა სასამართლო დამოუკიდებლობის ნაწილში.

ამ ფონზე, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეასრულოს აღებული ვალდებულებები და გაატაროს კრიტიკული რეფორმები სასამართლო სისტემაში.

„ეს საქართველოს მთავრობის დიდი შეცდომაა. საკითხი ფულს არ უკავშირდება. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირისგან 75 მილიონის დახმარება. საკითხი უფრო დიდ პრობლემას უკავშირდება. საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს შეასრულოს ის პირობები, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან ამ დახმარებას თან ერთვის. ეს პირობები ძალიან ნათელია, ეს შეეხება ევროპულ ძირითად წესებს, თუ როგორ უნდა მუშაოდეს სასამართლო სისტემა ევროპულ ქვეყნებში, როგორ გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს მოსამართლეებს დანიშვნა და იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს კანონის უზენაესობის ძალიან საბაზისო ევროპული ღირებულებებით მოქმედება საქართველოში“, - ამბობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

კუბილიუსის თქმით, ეს ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნება არ არის მზად ევროპაში ამბიციური ინტეგრაციისთვის.

„ევროკავშირის ფინანსაური დახმარების უარყოფით, მთავრობა უარს აცხადებს უზრუნველყოს კანონის უზენაესობის საბაზისო საკითხები. ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან ცუდი სიგნალია, რომელიც არ ზრდის ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებში საქართველოს მთავრობის მიმართ სანდოობას, რომ ის მზად არის შეასრულოს საბაზისო პირობებიც კი უფრო ამბიციური ინტეგრაციისთვის ევროპაში“, - აცხადებს კუბილიუსი.

ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ ამ ნაბიჯით საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი ზიანდება.

„პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც უკვე სამწუხაროდ დიდი ხანია გრძელდება, საქართველო უკვე არ აღიქმებოდა როგორც მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის. საერთაშორისო თანამეგობრობის, სულ მცირე, ევროკავშირის წევრებისა და ინსიტუტების მხრიდან ეს იგრძნობა, როცა საქმე ინტეგრაციას, რეფორმებს თუ სხვა საკითხებს ეხება. ახლა, ამ ნაბიჯით საქართველო კიდევ უფრო აგებს“, - ამბობს ის.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება, 28 ივლისს დატოვა. შეთანხმება ითვლისწინებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს და მოიცავს პირობას, რომ თუ მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ მოიპოვებს 43% მხარდაჭერას, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG