ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოს უნდა შესთავაზონ ნატოს წევრობა" - საგარეო უწყება ფიქრობს, რომ "თამამი გადაწყვეტილების" დროა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ამბობს, რომ დროა ალიანსმა საქართველოს „ნატოს“ წევრობა შესთავაზოს. დარსალიამ წევრობის შეთავაზების აუცილებლობაზე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

ამავე ღონისძიებაზე, პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპრატამენტის დირექტორმა, ალტონ ბულანდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზებისთვის და უკრაინის სამხედრო ძალის პოტენციალის გაძლიერებისთვის.

მოვუწოდებთ ჩვენს ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა, უკრაინისა და საქართველოს მიმართ
ალტონ ბულანდი

ბულანდის თქმით, მაისში გამართულ ნატოს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ალიანსის სხვა ლიდერებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ამასთან, ბულანდი მოუწოდებს ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, გააძლიერონ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა.

„ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვართ, საქართველოსა და უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, რაც ნიშანია, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის.

უკრაინასა და საქართველოს, რა თქმა უნდა მინიჭებული აქვთ პარტნიორების სტატუსის გაფართოებული შესაძლებლობები და ეს მიზნად ისახავს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შენარჩუნებასა და გარღმავებას. ნატოს პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომი დემონსტრირებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა, უკრაინისა და საქართველოს მიმართ“ - აცხადებს ბულანდი.

ანალიტიკოსებმა, შავი ზღვის ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენელებმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანალიტიკური ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს. რა გამოწვევები დგას რეგიონის წინაშე, როგორ რეაგირებს დასავლეთი ამ გამოწვევებზე და რა შეიძლება გაკეთდეს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - დისკუსიის მთავარი საკითხები იყო.

დარსალიას თქმით, საქართველო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნით. დიპლომატი ამბობს, რომ საკუთარი გავლენების გასამყარებლად, რუსეთი განაგრძობს რეგიონში არსებული კონფლიქტებით მანიპულირებას, რაც „ექსკლუზიური გავლენის გაფართოებას ისახავს მიზნად.“ ზალკალიანის მოადგილე ამბობს, რომ ეფექტური შემაკავებელი მოქმედებების დროა.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც ამჟამად რეგიონში დგას. წლების განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ინტეგრაციის პროცესში და განვავითარეთ ყველაზე სრულყოფილი პრაქტიკული თანამშრომლობა ალიანსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ახლა პოლიტიკურ განზომილებაში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი აზროვნება და თამამი სტრატეგიული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს შავ ზღვაში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ განვითარებას“ - აცხადებს დარსალია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, საქართველო ურყევად აგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას რეგიონში მზარდი საფრთხეების ფონზე, საქართველოს „ხელშესახები“ მხარდაჭერა სჭირდება.

ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ [ნატოს] წევრობა.
ლაშა დარსალია

„საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და მტკიცედ გვწამს, რომ ალიანსის მომავალი წევრია. შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ რეგიონში ნატოს ჩართულობა, საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის დაპირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთავაზების გარეშე, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ყველა მიღწევას, რაც ამ ქვეყნებს აქამდე, ინტეგრაციის პროცესში ჰქონდა. რადგან რუსეთი აგრძელებს მათ დესტაბილიზაციას ჰიბრიდული ომით თუ ძველი კონფლიქტებით მანიპულირებით. ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსკენ სწრაფვას, რაც უპირველესად ნიშნავს დემოკრატიული ინსტიტუტების, ღირებულებების და მიღწევების დაცვას.

მაგრამ, ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი მეგობრების, უპირველეს ყოვლისა „ნატოს“ ხელშესახები მხარდაჭერა გვჭირდება, რაც პროპორციული იქნება იმ საშინელი გამოწვევისა, რომლის წინაშე ვდგავართ. ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ წევრობა. ნატოს წევრობა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ ასევე ეს არის ერთადერთი საშუალება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვის“ - განუცხადა დარსალიამ დისკუსიის მონაწილეებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის.

„კრემლის მოქმედება შავ ზღვაში, რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ქმედებები, საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, შავი ზღვის მილიტარიზაცია, პროვოკაციული ქმედებები საჰაერო და საზღვაო სივრცეში ასახავს რუსეთის ამბიციებს, აღიდგინოს დომინანტური პოზიცია“ - ამბობს პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი.

ალტონ ბულანდიმ, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ალიანსის ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა შავ ზღვაში „ნატოსა“ და აშშ-ის რეგულარულ წარმომადგენლობას. „2014 წლიდან, ნატო სულ უფრო მეტად არის ფოკუსირებული რეგიონის უსაფრთხოებაზე, აძლიერებს თავის ყოფნას შავ ზღვაში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. წლის ორი მესამედის განმავლობაში, ალიანსი შავი ზღვის წყლებშია წარმოდგენილი. თავად აშშ, როგორც ბოლო რამდენიმე წლის მონაცემები აჩვენებს, შავ ზღვაში, წელიწადში საშუალოდ 90-100 დღეა წარმოდგენილი.“

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ასევე მიაჩნია, რომ აგრესიის შეკავებისა და თავდაცვისთვის, რეგიონული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის მაგალითად საზღვრისპირა საჰაერო სივრცის პატრულირების შესახებ, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის დადებული შეთანხმება, ასევე სამი ზღვის ინიციატივა მოჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG