ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინების ერთად მიღება ანტისხეულების რაოდენობას ზრდის


სამხრეთ კორეაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინების შერევა უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე, მხოლოდ "ასტრაზენეკას" მიღება.

კვლევა ამბობს, რომ "ასტრაზენეკას" პირველი დოზის მიღების შემდეგ, პაციენტებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზად მიცემის შემდეგ, ორგანიზმი 6-ჯერ მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს, ვიდრე ასტრაზენეკას ორი დოზის მიღების შემდეგ.

კვლევაში სამედიცინო სფეროს 499 წარმომადგენელი იყო ჩართული. 100-მა მათგანმა შერეული დოზები გაიკეთა, 200-მა ფაიზერის ორი დოზა, ხოლო 199-მა ასტრაზენეკას ორი დოზა გაიკეთა.

კვლევაში ჩართულ ყველა მონაწილეს აღმოაჩნდა ანტისხეულები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის უჯრედებში მოხვედრას და გამრავლებას. თუმცა, მათ ვინც "ფაიზერის" ორი დოზა, ან შერეული დოზები გაიკეთეს, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ. "ასტრაზენეკას" ორი დოზის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო.

სამხრეთ კორეული კვლევის მსგავსი შედეგები მიიღეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, როდესაც კვლევაში ჩართულ პაციენტებს ჯერ ასტრაზენეკას, შემდეგ კი ფაიზერის ვაქცინები გაუკეთეს.

ეს კვლევები გაცილებით უმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას ისეთ ქვეყნებს, სადაც ვაქცინების შერევა გადაწყვიტეს და "ასტრაზენეკას" პირველი დოზის შემდეგ, სხვა ვაქცინები შესთავაზეს მოსახლეობას მეორე დოზად. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას, იშვიათ შემთხვევებში, თრომბების გამოწვევასთან აკავშირებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG