ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ირანს ატომური იარაღი არ ექნება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და რუვენ რივლინი, ისრაელის პრეზიდენტი (მარცხნივ)
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და რუვენ რივლინი, ისრაელის პრეზიდენტი (მარცხნივ)

"ვიდრე აქ ვარ, ირანს ატომური იარაღი არასდროს ექნება" - უთხრა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სტუმრად მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს. ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა ვაშინგტონის მიერ მიტანილი იერიში, ირანის მხარდაჭერით სირია-ერაყის საზღვარზე მოქმედი ძალების იარაღის საწყობებზე.

იერიში ავსტრიაში მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე მოხდა. ირანი და მსოფლიოს 6 სახელმწიფო, რომელთა შორის შეერთებული შტატებიც არის, ცდილობენ ირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდველი 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების განახლებას.

რივლინთან შეხვედრაზე, ბაიდენმა ამ ქმედების გამართლება სცადა. "გუშინ ღამით განკარგულება გავეცი, ავიაიერიშებს მიზანში ამოეღოთ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც ერაყში შეერთებული შტატების სამხედროებზე მიტანილ იერიშზე არიან პასუხისმგებელნი" - თქვა მან. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მას ამის უფლებას ამერიკის კონსტიტუციის მეორე მუხლი აძლევს, რასაც კონგრესის კანონმდებლებიც აცნობიერებენ. ანალოგიური იერიში ბაიდენის განკარგულებით თებერვალშიც განხორციელდა.

დემოკრატი სენატორი კრის მერფი
დემოკრატი სენატორი კრის მერფი

თუმცა, მისივე დემოკრატიულ პარტიაში მსგავს მეთოდებს ზოგიერთი კანონმდებელი არ ამართლებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა კრის მერფიმ ავიაიერიშებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ ეს "მცირემასშტაბიანი ომის" დასაწყისს ჰგავს.

ისრაელის პრეზიდენტმა შეხვედრაზე თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერა ისრაელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ბაიდენის დეკლარირებული ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მოსახლეობას "ეხმარება იმის აღქმაში, რომ ჩვენ თეთრ სახლში დიდი მეგობარი გვყავს" - თქვა რუვენ რივლინმა. ის პოსტს ივლისში ტოვებს და მისი როლი ამ ეტაპზე ძირითადად სიმბოლურია.

ბაიდენის განცხადებით, ის ელის ისრაელის ახალი პრემიერ მინისტრის ნაფტალი ბენეტის გაცნობას და მის თეთრ სახლში მიღებას. "ამერიკის ხმის" კითხვაზე, თუ როდის მოხდება ეს, ან თუ გეგმავს ამერიკის პრეზიდენტი ისრაელში ჩასვლას, ბაიდენმა თქვა: "ჯერ ზუსტი თარიღი არ მაქვს, მაგრამ ეს იქნება".

თეთრ სახლში ორშაბათს გამართულ ორი პრეზიდენტის შეხვედრას სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი და ისრაელის ელჩი შეერთებულ შტატებში გილად ერდანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG