ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ ახლა


მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ახლა კორონავირუსის მესამე ტალღასთან გასამკლავებლად ემზადება, ან უკვე ებრძვის მას. ვაქცინაციის პროცესის დაწყების მიუხედავად, მსოფლიო პანდემიის დასრულებასთან ჯერ ახლოს არაა. რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

ინდოეთი

ინდოეთში, კორონავირუსის გავრცელების ახალი რეკორდი დაფიქსირდა. ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებას პილიგრიმების შეკრებამ შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებში ჟანგბადის ნიღბების და ადგილების ნაკლებობა აქვთ, ადამიანები მაინც იკრიბებიან რელიგიურ ფესტივალზე.

ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 184,372, სულ კი 13,9 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვალების მაჩვენებელი 1,027-ით გაიზარდა. სულ, ინდოეთში, ვირუსისგან 172,085 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ვირუსის ეპიცენტრი ინდოეთის უმდიდრეს შტატში, მაჰარაშტრაშია, რომელიც სრული ლოკდაუნისთვის ემზადება და ეს შეზუდვა აპრილის ბოლომდე იქნება ძალაში.

ტაილანდი

ოთხშაბათს, ტაილანდში, კორონავირუსის 1,355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის წინაშეა და მასთან გამკლავება უჭირს.

ტაილანდში ახალი შემთხვევების ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც მოსახლეობამ სონგკრანული ახალი წლის აღნიშვნისთვის მზადება დაიწყო. ოფიციალური პირები მოუწოდებენ მოსახლეობას თავი შეიკავონ არასავალდებულო მგზავრობისგან და დიდი თავყრილობებისგან. მათი თქმით, ეს შეამცირებს ვირუსის გავრცელებას.

ტაილანდში, კორონავირუსის ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამიცაა გავრცელებული. ის კი ცნობილი იმითაა, რომ უფრო მარტივად გადადის ადამაინებზე და სწრაფად ვრცელდება.

ამერიკა

სამშაბათს, ამერიკის ჯანდაცვის ფედერალურმა სააგენტოებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ კომპანია „ჯონსონი და ჯონსონის“ შემუშავებული კოვიდ 19-ის ვაქცინა დროებით შეჩერდეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 6 ქალს, თრომბი წარმოექმნა. ახლა მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა კავშირში ჯონსონის ვაქცინა ჯანმრთელობის გაუარესების ამ გამოვლინებასთან.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ იმ ადამინებს, ვინც უკვე ჩაწერილი იყო ჯონსონის ვაქცინის გასაკეთებლად, მოდერნას, ან ფაიზერის ვაქცინებს გაუკეთებენ.

ბრიტანეთი

ბრიტანეთში გრძელდება კვლევა, რომლითაც ცდილობენ დაადგინონ, შეიძლება თუ არა ერთ პაციენტს ორი სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა გაუკეთონ. კვლევაში ახლა „მოდერნასა“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინებიც ჩაერთო.

კვლევა კომ-კოვის სახელითაა ცნობილი და ის თებერვალში დაიწყო. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, ექნება თუ არა ადამიანს ისეთივე იმუნიტეტი, როგორიც ორი სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინის მიღების შემთხვევაში.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მეთიუ სნეიპი, ამბობს, ამ კვლევის იდეაა, „გამოვიკვლიოთ, შეილძება თუ არა არსებული ვაქცინების უფრო მოხერხებულად გამოყენება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG