ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები: ქართველი ხალხის გაწეული სამუშაო დემოკრატიისთვის საფრთხის წინაშეა


საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კონგრესში ოთხი კონგრესმენი ერთიან განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კონგრესმენები ამბობენ, რომ "ქართველი ხალხის მიერ წლობით გაწეული მძიმე სამუშაო" ახლა საფრთხის წინაშეა.

განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეები კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

"საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა", - აცხადებენ კონგრესმენები, წარმომადგენელთა პალატიდან.

ისინი "ქართულ ოცნებას" ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

"პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა მცირე პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს საკითხს რამდენიმე შეკითხვაა შეეხო.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა, დეპარტამენის პრესსპიკერს, ნედ პრაისს ჰკითხა განიხილა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული საკითხი ქართველ კოლეგებთან და განიხილება თუ არა სანქციები. პასუხად პრესსპიკერმა, თქვა, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს შემთხვევაში, პოდიუმიდან გაკეთებული განცხადებები, კულისებს მიღმა უფრო პირდაპირ განხილვაზე მეტყველებს.

„როგორც აღვნიშნე, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ იმოქმედოს მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის მიმართ იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა თვისუფალია პოლიტიკური მიკერძოებულობისგან. ჩვენ ცხადად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ფაქტი, რომ ამას პოდიუმიდან ვამბობ, მეტყველებს იმაზე, რომ უფრო პირდაპირი განხილვა გვქონდა მეორე მხარესთან, მათ შორის, საქართველოში. რომ არ გავმეორდე, ამ ბრიფინგზე რამდენჯერმე ვთქვი და აღვნიშნავ, რომ შეერთებულ შტატებისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ამომავალი წერტილი ღირებულებებია. აქ იკვეთება ის ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძვირფასია: თავისუფლება, კანონის უზენაესობა და პროკურატურის სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი და პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალია“.

კითხვით მიმართა ასევე პრესსპიკერს, „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა ჯონ ჰადსონმა იმაზე, თუ „რამდენად უშლის ეს ხელს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას?“

პასუხად პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა.

„რაც ჩვენ უკანასკნელ დღეებში ვიხილეთ, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერვე განცხადებულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის მეტი არ მინდა არაფერი ვთქვა, ვიტყვი რომ [მოვლენებს] ყურადღებით დავაკვირდებით მომავალი საათების და დღეების განმავლობაში. საიდუმლო არ არის თუ რას ვფიქრობთ, თუ რა უნდა მოხდეს საქართთველოში და ვნახავთ ეს ასე იქნება თუ არა“, - თქვა მან.

განცხადებებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურენ ევროპარლამენტარები, ანალიტიკოსები და დიპლომატები.

გამოხმაურებები 23 თებერვალს გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრას მოჰყვა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. სპეცრაზზმა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დააკავა. მელია ამ დროისთვის რუსთავის 12-ე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG