ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყინვა ტეხასში და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე


აშშ-ის ენერგეტიკულ დედაქალაქად წოდებული ტეხასის მილიონობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეს მაშინ, როცა შტატში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა და ყინვა ფიქსირდება. შტატის მასშტაბით, მილიონობით ადამიანს, ელექტროენერგია უკვე 36 საათზე მეტია არ მიეწოდება.

„ვიცი, რომ ხალხი გაბრაზებულია, მეც ვბრაზობ“ - აცხადებს ჰიუსტონის მერი, სილვესტერ ტარნერი. ჰიუსტონში მილიონზე მეტ აბონენტს ენერგია კვლავ არ მიეწოდება.

საერთო ჯამში, ტეხასში 2-დან სამ მილიონამდე მოსახლეს ელექტროენერგია კვლავ არ აქვს. ყველაფრის მიზეზი კი ტეხასის მეტეოროლოგიური პირობებისთვის სრულიად არადამახასიათებელი, რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა. შტატისთვის უჩვეულო თოვლიან ამინდთან ერთად, ტეხასელებმა ყინულის შტორმიც იხილეს.

განვითარებული მოვლენები, ტეხასელებს შორის გუბერნატორის მიმართ უკმაყოფილებას ზრდის. ისინი მიიჩნევენ, რომ შტატის მთავრობას თადარიგი უნდა დაეჭირა და მოვლენების ამ სცენარით განვითარება თავიდან აეცილებინა.

ამ ფონზე, შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი ტეხასის ელექტრო-საიმედოობის საბჭოს საქმიანობის გამოძიებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ, გრეგ ებოტი ტეხასელებს არწმუნებდა, რომ ავარია მალევე აღმოიფხვრებოდა და ასობით ათას სახლში ელექტროენერგია აღდგებოდა. თუმცა მას შემდეგ, ელექტროენერგიის გარეშე სულ უფრო მეტი ტეხასელი დარჩა და ერთ ეტაპზე, მათმა რაოდენობამ 4 მილიონსაც კი გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG