ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო


სიცოცხლის უფლება - მუხლი II; წამების, არაადამიანური ან ღირსებისშემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა - მუხლი III; თავისუფლება და უსაფრთხოების უფლება - მუხლი V; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება - მუხლი VIII; ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება - მუხლი XIII; საკუთრების დაცვა - 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი; განათლების უფლება; გადაადგილების თავისუფლება - მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლი - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი საჩივრით, საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ადამიანის უფლებათა კონვენციის ამ მუხლების დარღვევაში სდებდა ბრალს.

სტრასბურგის სასამართლომ, ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას საქმე მოუგო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, საქართველოს საჩივარში ჩამოთვლილი მუხლებიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა დაადასტურა: მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, მე-3 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, მე-8 მუხლი, 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი, 38-ე მუხლი.

"სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ," - ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

"სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ...

ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა," - აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე.

რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო უფლებების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულია.

“ჩვენ შევძელით ევროპელი მოსამართლეების დარწმუნება, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები სამართლებრივი შეფასება მის იურისდიქციაში არ შედის. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არ დაუდგენია რუს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, სამოქალაქო უფლებების დარღვევის ერთი შემთხვევა“ - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სახელმწიფოთშორის საჩივარზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო ამავე საკითხთან დაკავშირებით შესულ ინდივიდუალურ საჩივრებს განიხილავს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი. მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG