ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია


"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აცხადებს, რომ ის კოვიდ-19-ის ახალ, ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებს იკვლევს. ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ "ის უფრო მომაკვდინებელი, ან უფრო მწვავეა", ვიდრე სხვა, მეტად გავრცელებული შტამები. საუკეთესო რამ კი, რაც მოსახლეობას შეუძლია გააკეთოს, გავრცელების შეჩერების ხელშეწყობაა.

ჟენევაში გამართულ გეგმიურ ბრიფინგზე ჯანმოს დირექტორმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში ახალ მონაცემებს აგროვებენ. ბრიტანეთის მიერ მიწოდებული მონაცემებით კი, ახალი შტამი შესაძლოა უფრო ადვილად ვრცელდებოდეს.

ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი მეცნიერებთან ერთად ამ ახალი გენეტიკური ცვლილებების შესწავლას და იმის გაგებას ცდილობენ, თუ როგორ ახდენს ის გავლენას "ვირუსის ქცევაზე". მისივე განმარტებით, არაფერია ახალი იმაში, რომ ვირუსი მუტაციას განიცდიდეს, რადგან ეს ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესია. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ზოგადად, ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვაა.

"რაც უფრო მეტად ვაძლევთ საშუალებას ვირუსს, რომ გავრცელდეს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მას, რომ შეიცვალოს", - განაცხადა გებრეიესუსმა და დასძინა, რომ ყველა მთავრობა და ყველა ქვეყნის მოსახლეობა გავრცელების შესაზღუდად საჭირო ზომებს უნდა იღებდეს.

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ბიონტექის" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი ვაქცინა, დიდი ალბათობით, ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. "ბიონტექი" "ფაიზერთან" ერთად, ბრიტანეთში, ამერიკასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში დამტკიცებული პირველი ვაქცინის შემქმნელი კომპანაა.

"ჩვენ ამ ეტაპისთვის არ ვიცით, იცავს თუ არა ჩვენი ვაქცინა ახალი შტამისგანაც, მაგრამ მეცნიერულად, დიდი ალბათობით, ის იმუნური რეაქცია, რომელსაც ეს ვაქცინა იწვევს, ვირუსის ახალ ვარიანტებსაც გაუმკლავდება", - აცხადებს "ბიონტექის" აღმასრულებელი დირექტორი უგურ საჰინი. ევროკავშირში "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ვაქცინა 21 დეკემბერს დაამტკიცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG