ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში 2020 წელს 45 ჟურნალისტი მოკლეს, 54 ტყვეობაშია 


2020 წელი გასული წლების მსგავსად მედიის სფეროს წარმომადგენლებისთვის რთული და რისკის შემცველი იყო. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 14 დეკემბრამდე მსოფლიოში 45 ჟურნალისტი და მედია სფეროს კიდევ 4 წარმომადგენელი მოკლეს.

ისტორიულ მაქსიმუმზეა პროფესიული საქმიანობის გამო დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ გასულ 2019 წელთან შედარებით მონაცემი მცირედით შემცირდა. 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში 400-მდე ჟურნალისტი დააკავეს, მათგან ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფება 54 ჟურნალისტი. ყველაზე რთული ვითარება ამ მხრივ 5 ქვეყანაშია, სადაც სრული რაოდენობიდან შემთხვევების 61% ფიქსირდება. ეს ქვეყნებია - ჩინეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ვიეტნამი და სირია.

სულ, მსოფლიოში ამ დროისთვის პატიმრობაშია 259 ჟურნალისტი, 122 სამოქალაქო ჟურნალისტი და 12 მედიის სფეროს სხვა წარმომადგენელი.

გაზრდილი ზეწოლა ქალ ჟურნალისტებზე

2020 წლის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 35 პროცენტით გაიზარდა პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტების რაოდენობა, მათი უმრავლესობა კი ბელარუსშია დაკავებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარება ამ მხრივ ბელარუსში აგვისტოს შემდეგ გართულდა. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საზოგადოება უკვე მეხუთე თვეა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მასშტაბური შეკრებები კი ყოველდღიურად იმართება, რა დროსაც პოლიციელები აქციის მონაწილეებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს აკავებენ. ბელარუსთან ერთად ამ მხრივ რთული ვითარებაა ირანსა და ჩინეთშიც.

პანდემია კოვიდ19 და ჟურნალისტიკა

კოვიდ19-ის პანდემიის გამო, ჟურნალისტური საქმიანობა მნიშვნელოვნად გართულდა. პარალელურად, მზარდია ძალადობა და ზეწოლა მედიის სფეროს წარმომადგენლებზე. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, მარტიდან მაისამდე მსოფლიოში ჟურნალისტთა თვითნებური დაკავება 4-ჯერ გაიზარდა. თებერვლიდან ნოემბრის ბოლომდე კი 35%-ით გაიზარდა პრესის თავისუფლების დარღვევის ფაქტები, ფიზიკური ძალადობა კი 30-%-ით. იყო შემთხვევები როდესაც ჟურნალისთა ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული, ზოგ შემთხვევაში კი პატიმრობა რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ამ დროისთვის, პანდემიის გაშუქების გამო პატიმრობაში რჩება 14 ჟურნალისტი.

"შობის დღესასწაულს დაახლოებით 400 ჟურნალისტი ციხეში შეხვდება,"- წერია "რეპორტიორების საზღვრების გარეშეს" ანგარიშში.

პრესის თავისუფლების ყველაზე მეტი შეზღუდვა 2020 წელს აზიაში ფიქსირდება, კონტინენტზე, სადაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში, ბანგლადეშში და მიანმარში დაფიქსირდა.

რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც მთავრობებმა კოვიდ19-ის პანდემიით ისარგებლეს და მედიაზე კონტროლი გააძლიერეს. ირანში და იორდანიაში ჟურნალისტების დაკავება ამ დრომდე გრძელდება. ჟურნალისტები ამ შემთხვევაში მთავრობების მხრიდან დევნის ობიექტები პანდემიის შესახებ მომზადებული კრიტიკული და ზუსტი მასალების მომზადების გამო გახდნენ.

​ამ დრომდე, მსოფლიოში ტყვეობაში რჩება სულ მცირე 54 ჟრნალისტი, ეს მონაცემი გასულ წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა უკრაინაში, სადაც დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს.

ისტორია

1995 წლის შემდეგ ყოველწლიურად, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს გადამოწმებულ და ზუსტ მონაცემებს მედიასფეროს წარმომადგენლების, მკვლელობის, დაკავების, ფიზიკური შეურაცხყოფის და დევნის ფაქტებზე.

"ჩვენ ვაგროვებთ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მოგვცემს დარწმუნებით ან დიდი ნდობით დავადასტუროთ, რომ თითოეული ჟურნალისტის დაკავება, გატაცება ან გაუჩინარება მათი ჟურნალისტური საქმიანობის პირდაპირი შედეგი იყო,"- წერს ორგანიზაცია ანგარიშის ბოლოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG