ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა იმაზე ნაკლები პატიმარი შეიწყალა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პატიმრების შეწყალება, ხშირად დავის საგანი ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ მან ბოლო საუკუნის განმავლობაში, მის ყველა წინამორბედებზე ნაკლები პატიმარი შეიწყალა.

"პიუს კვლევითი ცენტრის" მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, ამბობს, რომ ტრამპმა მხოლოდ 29 პატიმარი შეიწყალა, ხოლო სასჯელი შეუმსუბუქა 16 მსჯავრდებულს.

შედარებისთვის, ტრამპის წინამორბედმა, ბარაკ ობამამ, 8 წლის განმავლობაში 212 ადამიანი შეიწყალა, ხოლო 1,715 ადამიანს განაჩენი შეუმსუბუქა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსმა კი 74 ადამიანი შეიწყალა და სამს მსჯავრი შეუმსუბუქა.

ამერიკელებს შეუძლიათ, რომ პრეზიდენტს შეწყალების, ან განაჩენის შემსუბუქებისთვის მიმართონ. შემსუბუქება ნიშნავს მსჯავრდებულის სასჯელის ნაწილობრივ ან სრულად შემცირებას. შეწყალება კი ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის დარჩენილი წლებისგან, ან/და მისი დანაშაულის სამომავლო შედეგებისგან.

ოთხშაბათს, ტრამპმა შეიწყალა მაიკლ ფინი. ის ტრამპის პრეზიდენტობის ადრეულ ეტაპზე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო. 2017 წელს კი დამნაშავედ ცნეს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მოტყუებაში.

საქმე ეხებოდა მის საუბრებს, რუსეთის მაშინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან და მათ განხილვებს ობამას ადმინისტრაციის სავარაუდო სანქციებზე რუსეთისადმი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების გადაბარების დროს. ფლინისთვის ბრალის წაყენება რობერტ მიულერის გამოძიების ნაწილი იყო.

"ვულოცავ გენერალ ფლინს და მის არაჩვეულებრივ ოჯახს. ვიცი, რომ ახლა, ნამდვილად, ფანტასტიკური მადლიერების დღე გექნებათ", დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ შეწყალების ფაქტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ფლინს პასუხი უნდა ეგო, როგორც თვითონ უწოდა: “ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული და საშიში დარღვევისთვის”. მან განაცხადა, რომ ახალი კონგრესისთვის პრიორიტეტი იქნება მიიღოს კანონი დასახელებით “დემოკრატები იცავენ ჩვენს დემოკრატიას”, რომელიც ნებისმიერ პრეზიდენტს შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების ნებას არ მისცემს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო 2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, შეწყალებულების რაოდენობა გაიზარდოს.

"სპეკულაციაზე ვერ წავალ და ვერ ვიტყვი რა მიზეზით შეიწყალა პრეზიდენტმა ასე ცოტა ადამიანი, ან რა მოხდება მომავალში", ამბობს პიუს კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი, ჯონ გრამლიჩი.

"თუმცა, პრეზიდენტებისთვის უჩვეულო არაა პატიმრების შეწყალება თავიანთი პრეზიდენტის ბოლო სტადიაზე, ასე რომ სიურპიზი სულაც არ იქნება, თუ ტრამპის შეწყალებულების რიცხვი გაიზრდება", ამბობს მკვლევარი.

ტრამპმა შეწყალების ბრძანება, პირველად 2017 წელს გამოსცა, როდესაც არიზონის შერიფი, ჯო არპაიო გაათავისუფლა. ის რასობრივი მიკერძოებულობისთვის იყო დაკავებული. მისი შეწყალების შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპისადმი უკმაყოფილება ბევრმა ორგანიზაციამ და სამოქალაქო ატივისტმა გამოხატა. მაშინ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა რასიზმს მხარი დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG