ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ბაიდენის გამარჯვებას თითქოს აღიარებს, მაგრამ ფორმალურად თავს დამარცხებულად არ ცნობს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას "ტვიტერზე" პირველად დაწერა, რომ არჩევნები მისმა დემოკრატმა ოპონენტმა ჯო ბაიდენმა "მოიგო". თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ, ტრამპი იმასაც ამბობს, რომ თავს ფორმალურად დამარცხებულად არ ცნობს.

"ტვიტერზე" დაწერილი გზავნილების მთელ სერიაში, პრეზიდენტმა გააგრძელა უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდა. "მან იმიტომ მოიგო, რომ არჩევნები გაყალბებულია" - თქვა ტრამპმა.

ამ ტვიტიდან დაახლოებით ერთ საათში, პრეზიდენტმა ტრამპმა დააზუსტა: "მან მხოლოდ ყალბი ახალი ამბების მედიის თვალში მოიგო. მე არაფერს არ ვაღიარებ! ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს გაყალბებული არჩევნები იყო"! "ტვიტერმა" ზოგ განცხადებას გაფრთხილება მიამაგრა, რომელიც მიუთითებს, რომ ის შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

ამერიკული მედია უკვე ერთი კვირაა აცხადებს, რომ დემოკრატ კანდიდატს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გამარჯვებისთვის 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის 270 ელექტორზე მეტი ხმა აქვს მოგროვილი. თუმცა, როგორც ტრამპი, ასევე ბევრი რესპუბლიკელი ლიდერი, მთელ რიგ შტატებში, არჩევნების თაობაზე ტრამპის კამპანიის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვას ელოდება.

ბაიდენის მომავალი აპარატის უფროსის, რონ კლაინის თქმით კი, "ჯო ბაიდენი პრეზიდენტად "დონალდ ტრამპის "ტვიტერის" გზავნილებით არ გამხდარა. ეს ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა" - განაცხადა მან ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთან" ინტერვიუში.

რონ კლაინი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ)
რონ კლაინი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ)

დღეს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიერ სხვადასხვა შტატებში შეტანილი საჩივრების უმეტეს ნაწილს, ზოგან ადგილობრივმა, ზოგ შემთხვევაში კი ფედერალურმა სასამართლოებმა მსვლელობა არ მისცეს. ჯერჯერობით არცერთი დოკუმენტი არ ადასტურებს რაიმე მნიშვნელოვან დარღვევას, ან მითუმეტეს - მასობრივ გაყალბებას.

ზოგ შტატში შეტანილ საჩივარში ბიულეტენების იმდენად მცირე რაოდენობაზეა საუბარი, რომ დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი, შედეგზე ამას გავლენა არ ექნება. ტრამპის ნაბიჯი უპრეცედენტოა ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან დამარცხების აღიარება კანონი არ არის, მაგრამ დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციაა.

გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ფორმალურად არ აღიარებს, მისი ადმინისტრაცია ბლოკავს ბაიდენის გუნდის წვდომას ფედერალურ სააგენტოებზე. ესეც გარდამავალი პერიოდისთვის მიღებული და დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ამერიკული პოლიტიკური ტრადიციაა.

ამ პერიოდში ამერიკის არჩეული პრეზიდენტები უკვე იწყებენ უსაფრთხოების ბრიფინგების მოსმენას და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ტიპის რისკების შეფასებას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიასთან მიმართებაში, რომლის მართვაც 65 დღეში ბაიდენმა უნდა გადაიბაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG