ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დემოკრატების მიერ არჩევნების მოპარვის მცდელობაზე საუბრობს


რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ შარლოტში, დონალდ ტრამპი პარტიამ პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად დაასახელა. ამის შემდეგ კი, მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალი 4 წლის პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ ნოემბერში დემოკრატები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებენ, თუკი ფოსტის მეშვეობით მიცემული ხმების გაყალბებას მოახერხებენ.

"ისინი არჩევნების მოპარვას ცდილობენ", - თქვა ტრამპმა კონვენციის წინ დაუგეგმავი განცხადებისას. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გაყალბება. ის დემოკრატ მეტოქეს ეროვნულ გამოკითხვებში 8-9 ნიშნულით ჩამორჩება და დემოკრატებს კორონავირუსის გამოყენებაში ადანაშაულებს იმისთვის, რომ არჩევნები მოიპარონ.

ტრამპი რესპუბლიკური პარტიის დელეგატების წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტის გამოსვლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. მას დელეგატები შეძახილებით შეხვდნენ: "კიდევ 4 წელი" - ამბობდნენ ისინი. "თუკი მათი გაგიჟება გინდათ, უნდა თქვათ, კიდევ 12 წელი", - თქვა პრეზიდენტმა.


რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ კონვენცია განწყობის ამაღლებას და პრეზიდენტის მმართველობის შესახებ დადებითი და ოპტიმისტური განცდის შექმნა-გაძლიერებას ისახავდა მიზნად. თუმცა პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის, კვლავ დემოკრატებს დაესხა თავს, ბაიდენს მემარცხენე რადიკალების მარიონეტი უწოდა და თქვა, რომ თუკი მას პრეზიდენტად აირჩევენ, "ამერიკული ოცნება მოკვდება". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, როგორც კონგრესის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ამერიკა არასდროს იქნება სოციალისტური ქვეყანა.

რესპუბლიკელთა წლევანდელი კონვეცია კიდევ ერთი არატრადიციული რამ იყო ამერიკული პოლიტიკისთვის. როგორც წესი კანდიდატები კონვენციის მიმდინარეობისას ნაკლებად ჩანან მანამ, სანამ მათი ჯერი არ მოვა, როდესაც მათ ნომინაცია ოფიციალურად უნდა მიიღონ. მაგრამ გეგმის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი ყოველდღე გამოჩნდება კონვენციაზე. კონვენციას ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკოსი და ამერიკის სხვა მოქალაქეები მიმართავენ.

მისი ოფიციალური, მთავარი გამოსვლა ხუთშაბათსაა დაგეგმილი. პრეზიდენტი კონვენციას თეთრი სახლიდან მიმართავს, და კორონავირუსთან ადმინისტრაციის ბრძოლის წარმატებაზე ისაუბრებს. გამოსვლის შემდეგ კი ეროვნულ მოლზე ფოერვერკებს გაუშვებენ.

"ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩვენი ქვეყანა შესაძლოა ან საშინელი მიმართულებით წავიდეს, ან კიდევ უფრო უკეთესით", - უთხრა მან დელეგატებს.

წინა კვირას გამართული დემოკრატიული კონვენციისგან განსხვავებით, რომელიც სრულად ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა, რესპუბლიკელებმა ქალაქ შარლოტში მაინც შეკრიბეს 336 დელეგატი, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებენ. მათი მხოლოდ ნაწილი ატარებდა ნიღაბს და ასევე მხოლოდ ნაწილი იცავდა სავალდებულო, თითქმის ორმეტრიან დისტანციას. ამასთან პრეზიდენტმა დემოკრატი მეტოქეები - ბაიდენი და ჰარისი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი არ ჩავიდნენ კონვენციის ადგილას და ონლაინ ჩაერთნენ ყრილობას. თავად კი თქვა, რომ ეს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის პატივისცემის ნიშნად გააკეთა. მან შტატის დემოკრატი გუბერნაორიც გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან ვირუსთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რომელიც პრეზიდენტის აზრით, არჩევნების დღის შემდეგ მოიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG