ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიგანი მინსკს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას სთხოვს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი

ლიეტუვაში ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან ბელარუსის მთავრობას მოუწოდა დათანხმდეს ეუთოს წინადადებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

მისი თქმით,„თავისუფლება არ არის რამდენიმე იღბლიანის პირადი პრივილეგია, არამედ ყველა ადამიანის განუყოფელი და უნივერსალური უფლებაა. 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ვგმობთ სისასტიკეს, რომლითაც ბელარუს ხალხს არჩევნების შემდეგ გაუსწორდნენ და მოვუწოდებთ დაკავებულების გათავისუფლებისკენ. ასევე ვთხოვთ ბელარუსის მთავრობას, დააკმაყოფილოს ეუთოს თავმჯდომარის წინადადება, მხარეებს შორის დიალოგის გამართვაში შუამდგომლობის თაობაზე“.

ამერიკის მეორე დიპლომატის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციები ამერიკელებისთვისაც ძალიან შთამაგონებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიისთვის ბრძოლის მუდმივ აუცილებლობას.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, „შეერთებული შტატებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბელარუსი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ მიმართულმა მშვიდობიანმა აქციებმა. ეს ყოველივე შეგვახსენებს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს“ .

სტივენ ბიგანი ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონს არანაირი მინიშნება არ აქვს რუსეთის მხრიდან ბელარუსში სამხედრო ინტერვენციის დაგეგმვის თაობაზე. ლიეტუვის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთს, უკრაინას და ავსტრიას ესტუმრება.

ლიეტუვაში ბიგანი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანუსკაიას შეხვდა. ციხანუსკაია ბელარუსის არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშნკოს ოპონენტი იყო. არჩევნებიდან მალევე, შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და თავი ლიეტუვისთვის შეეფარებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG